ფეხბურთი

16:55 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" "მილანთან" შესაძლოა რასპადორიც დააკლდეს, ოსიმენმა და სიმეონემ დღესაც ვერ ივარჯიშეს

„ნაპოლის“ დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვიქტორ ოსიმენმა, ჯოვანი სიმეონემ და ჯაკომო რასპადორიმ ვერ მიიღეს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი „მილანთან“ მატჩისთვის ემზადება, მაგრამ თავდასხმაში სერიოზული პრობლემებია. ნიგერიელმა ფორვარდმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, როგორც მოედანზე, ისე სპორტდარბაზში. მას ხვალ დილით გამოკვლევას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, შეძლებს თუ არა, თამაშს, თუნდაც რამდენიმე წუთით. იტალიური მედია კი ვარაუდობს, რომ „სან სიროზე“ ვიქტორის მინდორზე გასვლის შანსი მცირეა.

ჯოვანი სიმეონემ თერაპიული კურსის გავლა დაიწყო, შესაბამისად, მისი თამაში გამორიცხულია. ამ ყველაფერს დაემატა ჯაკომო რასპადორის პრობლემაც, რომელმაც დღეს მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა. ჯერჯერობით, იტალიელი თავდამსხმელის თამაში გამორიცხული არაა, მაგრამ ყველაფერი ხვალ ან მაქსიმუმ თამაშის დღეს უნდა გადაწყდეს.

რასპადორი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია, შესაბამისად, ჯერ იდეალური კონდიციისგან ისედაც შორსაა. თუ მოედანზე გასვლას ისიც ვერ შეძლებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემა იქნება სპალეტისთვის, რადგან მის განკარგულებში სხვა ფორვარდი არაა. იტალიური მედია წერდა, რომ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე სპალეტიმ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია ათამაშოს.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.117734