ფეხბურთი

19:34 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მატერაცი: "ზიდანმა მაისური შემომთავაზა, ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ კიდევ ერთხელ ისაუბრა 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარ კონფლიქტზე. მან დაადასტურა, რომ იმ მომენტში ზიდანის დაზე ისაუბრა, რამაც ფრანგის საპასუხო რეაქცია გამოიწვია.

გარდა ამისა, მატერაციმ თქვა, რომ სძულს ტურინის „იუვენტუსი და როდესაც მათ „ბარსელონასა“ და „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგეს, ძალიან ბედნიერი იყო.

„ზიდანი მოედანზეც რომ ყოფილიყო, არაფერი შეიცვლებოდა, ჩვენ მოვიგებდით. რა მოხდა მასთან? იცით, რაც არის ბინძური საუბარი, მაგრამ ჩემი მხრიდან არაფერი იყო. მან თავისი მაისური შემომთავაზა, მე ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა. რაც გააკეთა, არ ველოდი, სრული სიგიჟე იყო.

პენალტის დარტყმა? ის 40 მეტრი, რომელიც კარამდე გავიარე, ძალიან გრძელი იყო. ბურთი მიწაზე დავდე და მსაჯმა მითხრა, რომ არასწორ პოზიციაზე მქონდა. მთელი სტადიონი მისტვენდა, კარს უკან ფრანგები იყვნენ, როცა გავიტანე, იმ ემოციას ვერ აღვწერ.

„იუვენტუსს“, როგორც კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მძულს. მე ვიყავი ბერლინსა (2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი – რედ) და კარდიფში (2017 წლის ფინალი), როდესაც ისინი დამარცხდნენ. გული აჩქარებული მქონდა, რომ მოეგოთ, ძალიან ცუდი იქნებოდა.

როდესაც მოურინიო „ინტერში“ მოვიდა, მენტალიტეტი შეიცვალა. იტალიაში საუკეთესო გუნდი ვიყავით, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭიროა გამართლებაც, ყოველი დეტალი უნდა მართო. მოურინიო იტალიის თასზე მუდმივად მათამაშებდა, ჩემი სჯეროდა და ეს ვიცოდი. ლომებთან ბრძოლა შემეძლო, რადგან თავდაჯერებული ვიყავი.

„ბენფიკასთან“ თამაში ადვილი არ იქნება, ისინი კარგ ფორმაში არიან და პორტუგალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონთა ლიგაა, „სან სიროზე“ შესანიშნავი ატმოსფეროა. „ინტერმა“ სერია A-ში 10 თამაში წააგო, ეს არ არის ნორმალური. ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გოლის უპირატესი წესი რომ გაუქმდა, ეს იტალიური გუნდებისთვის ცუდია. ყველაზე მეტად ბასტონი მგავს, თან ინტერისტაა. მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს: ბევრი გოლი ვერ გააქვს. მე სეზონში 35 მატჩში მინიმუმ 5 გოლი გამქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის ცუდი სეზონი იყო“, - თქვა მატერაციმ.

შეგახსენებთ, რომ მარკო მატერაციმ კარიერაში არაერთ გუნდში ითამაშა, მათ შორის, „პერუჯაში“, „კარპიში“, „ევერტონსა“ და „ინტერში“, ხოლო იტალიის ნაკრებში 2001-2008 წლებში 41 მატჩში 2 გოლი გაიტანა (ორივე 2006 წლის მუნდიალზე, ჩეხეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ).

0.114179