საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური „სამგურალისა“ და „საბურთალოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა მოიგეს.
უგოლო ტაიმის შემდეგ წყალტუბოელები 53-ე წუთზე დავით მაისაშვილმა დააწინაურა, ხოლო გიორგი ნიქაბაძემ 77-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.
დარჩენილ დროში სტუმრებმა ისღა მოახერხეს, რომ ლუკა სილაგაძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა. „სამგურალი“ 10 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 9 ქულით მეექვსეა და წინ „თელავთან“ დაპირისპირება ელის.
ამავე ტურში „გაგრამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 51-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი გააძევეს. ქართველი ფეხბურთელი მსაჯის გადაწყვეტილებით დარჩა უკმაყოფილო და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც წითელი ბარათი უჩვენეს.
„გაგრა“ 2 ქულით ბოლო ადგილზეა და „სამტრედიას“ დაუპირისპირდება, ხოლო „დილა“ 10 ქულით მეხუთე საფეხურზეა.
„სამგურალი“ – „საბურთალო“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 მაისაშვილი (53), 2:0 ნიქაბაძე (77), 2:1 სილაგაძე (90)