რაგბი

17:25 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | 11 ლელო არგენტინელებს

‘შავმა ლომმა’ სამხრეთ ამერიკული ტურნეს პირველ მატჩში სუპერ ლიგის ლიდერს, არგენტინულ ‘დოგოს XV’-ს 11 ლელო გაუტანა და დიდი სხვაობით, 75:19 დაამარცხა.

ეს არ იყო ის თამაში, რისი მოლოდინიც გვქონდა. მეტოქემ გადახალისებული შემადგენლობა დაგვიყენა, რომელმაც სტუმრებს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მატჩის ბედი ფაქტობრივად საწყის წუთებშივე გადაწყდა.

‘შავი ლომი’ მოედანზე მოტივირებული გავიდა, თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ქართველი მორაგბეები იოლად ჭრიდნენ ხაზს, ქმნიდნენ უპირატესობას და მერე მათ სათანადოდ იყენებდნენ.

დებიუტში ლუკა მატკავამ დერეფნის შემდეგ გაჭრა ხაზი, მას კარგად მიყვა მიხეილ გაჩეჩილაძე, ლელოდან 10 მეტრში მბოჭავი ხელით ჩამოიშორა და ოვალი ძელებსშუა დაამიწა. 5 წუთში გაჩეჩილაძემ რაქიდან შეუტია, მბოჭავი ერთი-ერთზე დაჯაბნა და დუბლი გაიფორმა. მე-10 წუთზე დერეფნიდან აგორებულ მოლს თენგიზ ზამთარაძე მოწყდა და ლელო მოკლე ფრთაზე გაიტანა. 4 წუთში ბურთი სწრაფად გავიდა ხაზზე, ოთარ ლაშხმა მცველს კარის წინ ერთი-ერთზე აჯობა და მორიგი ლელო გაიტანა, მერე კი ‘დოგოსის’ შერკინებაში მოვიპოვეთ ბურთი, თენგიზ პერანიძემ ყველას შემოურბინა და სტუმართა მეხუთე ლელო გაიტანა.

შესვენებამდე კიდევ ორი ლელო გავიდა. მიხეილ ბაბუნაშვილმა რაქიდან ძალისმიერი ლელო შეიტანა, ტაიმის ბოლოს კი მირიან მოდებაძე აფეთქდა, ხუთ მბოჭავს გასცდა და ინდივიდუალური ლელო მიითვალა, მერე თავი თორნიკე აქუბარდიამ გამოიჩინა, ლუკა მატკავამ კი გარდასახვები ყველა პოზიციიდან უნაკლოდ შეასრულა – 56:0.

მეორე ტაიმში თამაშის მუხტი დაიკარგა და არგენტინელებმა 40 წუთში 3 ლელო გაიტანეს, რაზეც ‘შავმა ლომმა’ ოთხით უპასუხა. მატკავამ შებრუნებული პასის შემდეგ ხაზი რომ გაჭრა, მას ლაშა ხმალაძე მიყვა და ცრუმოძრაობების შემდეგ ლელოში შევიდა. ტაიმის შუაში მოდებაძემ კონტრშეტევა ჩვენი ნახევრიდან წამოიწყო, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და გუნდში ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა სოსო მათიაშვილმა ლელო გაიტანა, მატჩის მიწურულს კი 5 ქულა შეცვლაზე შესულმა დემე თაფლაძემ მიითვალა – 75:19.

‘შავი ლომი’ მომდევნო თამაშს 14 აპრილს, ჩვენი დროით 22 საათზე ჩილეს ‘სელკნემის’ წინააღმდეგ, მონტევიდეოში (ურუგვაი) იმავე სტადიონზე გამართავს.

სამხრეთ ამერიკული ტურნე 8 აპრილი. მონტევიდეო. ჩარუა შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა) 75:19 შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ნიკა პატარაია, 4. თორნიკე აქუბარდია, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიგა ჯულუხაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. დემე თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. სოსო მათიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ქორი ბრაუნი, მერაბ კვირიკაშვილი

11 ლელო: გაჩეჩილაძე (2), ზამთარაძე, ლაშხი, პერანიძე, მ.ბაბუნაშვილი, მოდებაძე, აქუბარდია, ხმალაძე, მათიაშვილი, თაფლაძე;

10 გარდასახვა: მატკავა (9), გ. ბაბუნაშვილი

RUGBY.GE

0.112246