ფეხბურთი

23:05 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია ლოჩოშვილზე: "მის გოლს გადამწყვეტი ფასი ჰქონდა"

„კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა და თავის გუნდს გენუაში, „სამპდორიას“ დამარცხებაში (3:2) დაეხმარა. იტალიურმა მედიამ ლუკას თამაში დადებითად შეაფასა.

Eurosport 6.5 ქულა: „დაცვაში ბევრს დარბის. ძალიან კარგად გადადის შეტევაში და სჯერა, რომ ანგარიშს გაათანაბრებს“.

Calciomercato 6.5 ქულა: „ლამერსის მეურვეობაზე შეცდომა დაუშვა, რადგან ნიდერლანდელმა კარნეზეკის კარში მასსა და ბიანკერის შორის დაარტყა. ეს შეცდომა გამათანაბრებელი გოლით გამოისყიდა“.

Numero-diez 6.5 ქულა: „რამდენიმე შეცდომით დატვირთული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ქართველმა ანგარიში გაათანაბრა და „მარასიზე“ სტუმართა სექტორი გააგიჟა“.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „დაცვაში ყურადღება ხშირად გაფანტული ჰქონდა, თუმცა მატჩის მიწურულს გაიტანა გოლი მკერდით, რომელმაც კრემონელებს იმედი დაუბრუნა და შეტევაში კარგად ჩაერთო“.

Cuoregrigiorosso 6.5 ქულა: „სამპდორიას“ ფეხბურთელების აჩქარებების წინააღმდეგ იტანჯება, ხშირად მათ ვერ ეწევა. ლამერის გოლს უბრალოდ უყურებდა, მაგრამ ეს გამოისყიდა 2:2-ზე გატანილი გოლით, რამაც მისი გუნდის ქამბექი დაიწყო“.

Cremonasport 6.5 ქულა: „გაშვებულ გოლებში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ მის გოლს გადამწყვეტი ფასი ჰქონდა“.

ლუკა ლოჩოშვილს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც საგოლე პასი გააკეთა. ის მეოთხე ქართველი ფეხბურთელი გახდა კახა კალაძის, ლევან მჭედლიძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რომელმაც იტალიის სერია A-ში გოლი გაიტანა. „კრემონეზე“ 16 ქულით მე-19 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ემპოლის“ დაუპირისპირდება.

0.128068