ავტოსპორტი

14:59 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ვირტუალურ ჩემპიონატში სანდრო შამანიდი დაწინაურდა

ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი დასრულდა. სილვერსტოუნის ავტოდრომზე 50 წუთიანი რბოლის შემდეგ გამარჯვებული სანდრო შამანიდი გახდა და მთავარი კონკურენტის, არჩილ ციმაკურიძის არყოფნაში ჩემპიონატში დამაჯერებლად დაწინაურდა.

კვალიფიკაცია ამჯერად ივანე მამაცაშვილმა მოიგო, მეორე ადგილიდან სტარტი შამანიდმა აიღო, ხოლო მესამედან - სანდრო თავართქილაძემ.

სტარტზე ლიდერებმა პოზიციები შეინარჩუნეს, თუმცა მალევე თავართქილაძემ შამანიდს გადაასწრო და ლიდერობისთვის მამაცაშვილს შეუტია. ერთ-ერთ მოსახვევში დამუხრუჭებისას სანდრო ივანეს შეეჯახა, რის შედეგადაც პოზიციები ორივემ დაკარგეს.

რბოლაში კვლავ შამანიდი დაწინაურდა, პიტსტოპის შემდეგ პირველობა შეინარჩუნა და გაიმარჯვა.

წარმატებული აღმოჩნდა რბოლა 15 წლის საბა ჯავახიშვილისთვის, საბამ სტარტი მეხუთე პოზიციიდან აიღო, თუმცა ლიდერების ერთმანეთთან ბრძოლით ისარგებლა, ადრე შეასრულა თავისი პიტ სტოპი და ცარიელ ტრასაზე მაღალი ტემპის შედეგად პიტების შემდეგ ლიდერის უკან აღმოჩნდა.

მესამეზე მიშო ცისკარიძე გავიდა, რომელმაც ზედიზედ ორი უქულო რბოლის შემდეგ მოწინავე პოზიციები დაიბრუნა.

წარუმატებლად წარიმართა სანდრო თავართქილაძის რბოლა. სანდროს ჯერ მამაცაშვილთან ჰქონდა შეჯახება, შემდეგ კი ინტერნეტ კავშირის ხარვეზის გამო რბოლას გამოეთიშა და ჩემპიონობის მეორედ მოგების შანსი დაკარგა.

რბოლის ლაივ სტრიმის ნახვა შეგიძლიათ სიმულექს რეისინგის YouTube არხზე 2023 Georgian SimRacing Championship by Simulexe - Stage 5, Silverstone - YouTube

ტურნირის ბოლო, მეექვსე ეტაპი 12 აპრილს გაიმართება. საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი უკვე მეოთხე წელია ტარდება.

0.113482