ფეხბურთი

0:40 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ფსიქოლოგიურად ფუნდამენტური მოგება იყო"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლეჩესთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს გამარჯვება ფსიქოლოგიური რეაქციისა და მომდევნო მატჩებისთვის კარგად მოსამზადებლად უმნიშვნელოვანესი მოგება იყო.

„ამ მატჩის მოგება ფუნდამენტური იყო ფსიქოლოგიური რეაქციისა და მომდევნო მატჩებისთვის მოსამზადებლად. გუნდს სწორი სულისკვეთება ჰქონდა ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან რთულ თამაშში. გამარჯვების სურვილი გვქონდა და მივაღწიეთ წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ თამაში საუკეთესო გზით არ წარმართულა.

მგონია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის ფიზიკური დაღლილობა სეზონის გამო კი არ არის, არამედ ეროვნულ ნაკრებებში მჭიდრო გრაფიკის გამო. ტრანსოკეანური ფრენები მოთამაშეებს ენერგიას ართმევს. უბრალოდ ვამბობ, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო, რაც შევძელით.

შესაძლებელია ყველა მატჩში ვერ გაიბრწყინო, მაგრამ უნდა შეძლო მნიშვნელოვანი თამაშის მოგება. ეს ძალიან რთული გასვლითი თამაში იყო. 3 ქულა თავდაჯერებას გვაძლევს. დელიკატური მატჩი იყო, ისეთი, რომელშიც უნდა აჩვენო შენი ხასიათი. წარმატებას მივაღწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის.

ოსიმენი? მას ყველა მატჩში მონაწილეობა უნდა, მაშინაც მზადაა ითამაშოს, როცა მანქანაში ჯდება. მიუხედავად ამის, ექიმები სწორად მოიქცნენ, რადგან რისკზე წასვლას აზრი არ ჰქონდა. მცირედით დარბის და იმედი გვაქვს, რომ „მილანთან“ დაბრუნდება“, - თქვა სპალეტიმ.

„ნაპოლი“ სერია A-ს 74 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩი კი 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად „მილანთან“ ელოდება. რაც შეეხება სერია A-ს, „აძური“ 30-ე ტურში 15 აპრილს, „ვერონას“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში საკუთარ ანგარიშზე 32 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს.

0.108717