ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა სახელად - ხვიჩა. არმანდო პეტროზოსა და კლარა კოტენას ვაჟი, რომელიც ქვეყნიერებას 31 მარტს „წმინდა პატრიციას“ კლინიკაში მოევლინა, ხვიჩა დაარქვეს.
მშობლები „ნაპოლის“ გულშემატკივრები არიან. უფრო კონკრეტულად, ბიჭს ორი სახელი აქვს: დანიელე ხვიჩა. მამამისმა არმანდომ, რომელსაც სახელი დიეგო მარადონას პატივსაცემად ჰქვია, Spazio Napoli-სთან ისაუბრა:
„ყველაფერი სიმართლეა, მას დანიელე ხვიჩა დავარქვით. უბრალოდ, დანიელეს შემდეგ მძიმე ვსვამთ, შესაბამისად, მისი ნამდვილი სახელია დანიელე, ხვიჩა. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რაც მიმდინარე სეზონში ხდება.
„ნაპოლის“ ტიფოზი ვარ და როგორც ჩემი სახელიდან შენიშნავდით, მამაჩემიც ასე იყო. 1986 წელს დავიბადე და ჩემმა მშობლებმა დიეგო არმანდო მარადონას სახელი დამარქვეს. რასაკვირველია, გადაწყვეტილება მეუღლესთან ერთად მივიღე. ვფიქრობ, რომ არა, ასეთი სეზონი, მსგავსი საოცარი ფეხბურთელით, მხოლოდ დანიელეს დავარქმევდით.
ჩემი პატარა ოცნება კვარაცხელიას პირადად გაცნობაა, ისევე, როგორც „ნაპოლის“ ჩემპიონობა. თუ მოვახერხებთ ამ სეზონის მთავარ გმირთან შეხვედრას, ეს ტორტზე ალუბალი იქნება. შემდეგ კიდევ ერთი ოცნება მაქვს: ვიმედოვნებ, რომ მამაჩემი, რომელიც ცოცხალი აღარაა, წელს ჩემპიონობის ზეიმს დანიელე, ხვიჩას თვალით დაინახავს“, - თქვა არმანდომ.
მოკლედ, ნეაპოლში პირველი ხვიჩა დაიბადა, მაგრამ აშკარაა, რომ კვარაცხელიას საპატივცემულოდ მის სახელს კიდევ არაერთ ბავშვს დაარქმევენ.