ავტოსპორტი

1:28 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ფ1-ის გუნდის შეფი მილიარდერი გახდა

„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში, მსოფლიო სპორტიდან 12 ახალი წევრი შევიდა. მათ შორის არიან „მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი ტოტო ვოლფი, გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი. გამოცემის ინფორმაციით, ვოლფის ქონება ზუსტად 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გარდა იმისა, რომ „მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდს ხელმძღვანელობს, ვოლფი ასევე ამ გუნდის მესამედის მფლობელია. დანარჩენ ორ მესამედს თანაბრად ფლობენ საავტომობილო კომპანია „დაიმერი“ და ქიმიური მრეწველობის ბრიტანული გიგანტი „ინეოსი“.

ვოლფის საინვესტიციო ისტორია 1998 წელს იწყება, როდესაც მან კომპანია „მარჩფიფტინი“ ჩამოაყალიბა. ამას მოჰყვა 2004 წელს კომპანია „მარჩსიქსტინ ინვესტმენტის“ დაარსება. კომპანიის ინტერესის სფერო ინტერნეტი და ტექნოლოგიური კომპანიები იყო.

ავსტრიელმა ბიზნესმენმა და ყოფილმა ავტომრბოლმა, 2009 წელს „უილიამსის“ ფ1-ის გუნდის წილი შეისყიდა და მის დირექტორთა საბჭოში შევიდა. მაგრამ 2016 წელს გუნდში მისი წილი გაყიდა და „მერსედსის“ მეწილე გახდა. 2020 წელს ვოლფმა „ასტონ მარტინის“ ფ1-ის გუნდის აქციების 1 პროცენტი იყიდა. მას შემდეგ, რაც ახალი სეზონის დასაწყისშივე, ფერნანდო ალონსომ „ასტონ მარტინის“ მანქანით მესამე ადგილი დაიკავა, ინგლისური კომპანიის აქციების ფასი 15 პროცენტით გაიზარდა.

0.119476