მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელებს მიმართა. იტალიელი სპეციალისტი მათ გაეხუმრა, მერე კი აცნობა, რომ ერთი დღე საწვრთნელი პროცესისგან თავისუფალი არიან.
„პირველ რიგში, ვამაყობ, რომ ასე თამაშობთ. მეორე ისაა, რომ მოგატყუეთ: ეს არ იყო ფინალი, ეს იყო ნახევარფინალი, ფინალი ჯერ კიდევ სათამაშო გვაქვს. ბოლოს კი გეტყვით, რომ ხვალ თავისუფალი დღე გექნებათ“, - უთხრა ანჩელოტიმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ერთდღიანი შვებულება ძალიან გაუხარდათ.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბარსელონა“ სტუმრად 4:0 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში 4:1 აჯობა და ფინალში 6 მაისს, „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ნახევარფინალს, ანჩელოტიმ მატჩამდე თქვა, რომ ეს იყო ფინალის ტოლფასი შეხვედრა, შესაბამისად, ფეხბურთელები სწორედ ასე განაწყო, რამაც შედეგი გამოიღო.