ფეხბურთი

16:54 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "მილანთან" მოტივაციის ნაკლებობა გვქონდა, ვიცით, რომ ჯერ ჩემპიონები არ ვართ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლეჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ვიქტორ ოსიმენის თამაში ამ შეხვედრაში გამორიცხულია. სპალეტის თქმით, „მილანთან“ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ესაუბრა და კარგად იციან, რომ მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

„შეუცდომლები რომ ვართ, ამას თქვენ ამბობდით, ჩვენ ყოველთვის თავმდაბლები ვიყავით, რადგან ვიცით, რომ გვაქვს ნაკლოვანობები, როგორც ყველას. უბრალოდ, ფეხბურთელებმა გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები, რამაც ბევრი თამაში მოგვაგებინა. ვიცით, რომ „მილანი“ ჩვენთან მატჩს წაგების შიშით შეხვდა და ამის გამო ჩვენზე მეტი მოტივაცია ჰქონდა.

მშვიდად ვისაუბრეთ მომხდარზე, კარგად ვიცით, რომ ამიერიდან რთული ბრძოლები გვექნება სკუდეტოს მოსაგებად. ჯერ ჩემპიონატი არ მოგვიგია და ასე იქნება მანამ, სანამ 1 ქულაც მაინც საჭირო იქნება სკუდეტოს მოსაგებად, ამიტომ ბოლომდე ყველაფერს გავაკეთებთ.

ოსიმენი ხვალ ვერ ითამაშებს, მომდევნო კვირაში მის მდგომარეობას შევაფასებთ. დიდი შანსია, რომ „მილანთან“ ითამაშოს, მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ, როგორ იქნება მისი მდგომარეობა. ხვალ შემადგენლობაში რაღაც ცვლილებები იქნება წინა მატჩთან შედარებით.

ველაპარაკე გუნდს და ყველამ ჩემზე მეტად იცის, რომ „მილანის“ წინააღმდეგ ნაკლები მოტივაცია ვაჩვენეთ. მეტოქემ აჩვენა, რომ მოქმედი ჩემპიონები არიან, ჩვენ ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ, რომ ლიდერები ვართ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, არაფერს დავთმობთ. დარწმუნებულები ვართ ჩვენს შესაძლებლობებში და ვიცით, რომ 5 თამაში უნდა მოვიგოთ. არ გვაინტერესებს, ვინ ფიქრობს, რომ უკვე ჩემპიონები ვართ, ვიცით, რომ დარჩენილ 10 ტურში 15 ქულა უნდა მოვიპოვოთ და ამას გავაკეთებთ. საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ლეჩესა“ და „ნაპოლის“ მატჩი 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112893