მატჩის წინ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში 1:0 მოვიგეთ, რთული იქნება ფინალში გასვლა, ბოლოს როდის წააგო „რეალმა“ ორმატჩიანი დუელი?“
„ბლაუგრანას“ თავკაცი მართალი გამოდგა. „კამპ ნოუზე“ „რეალმა“ კატალონიელთა ერთბურთიანი უპირატესობისგან არაფერი დატოვა და დაუძინებელი მტერი 4:0 გაანადგურა!
„რეალი“ პირველი ტაიმის მიწურულს ვინისიუს ჟუნიორმა დააწინაურა, მეორე ტაიმის სტარტი კი „ბარსელონასთვის“ უფრო კოშმარული იყო, რადგან ორი გოლი მალევე გაუშვა და ნათელი გახდა, რომ ფინალში „სამეფო კლუბი“ გავიდოდა. ჰეთ-თრიქი შეასრულა კარიმ ბენზემამ! მან სამი გოლი ოთხი დღის წინ „ვალიადოლიდს“ გაუტანა, ამჯერად კი იგივე „ელ კლასიკოშიც“ გააკეთა. მოკლედ, ფრანგი ფორვარდი ისევ სუპერფორმაშია. ბენზემას ჰეთ-თრიქის გარდა, ვინისიუსიც გამორჩეული იყო, რომელმაც გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი მიითვალა.
საინტერესოა, რომ ბენზემამ „ელ კლასიკოში“ 43-ედ ითამაშა, ჰეთ-თრიქი კი „ბარსელონასთან“ პირველად შეასრულა. "ბარსამ" მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში 4 გოლი პირველად გაუშვა.
ამრიგად, „რეალმა“ „კამპ ნოუზე“ 4:0 მოიგო, „ბარსელონას“ ორი მატჩის ჯამში 4:1 აჯობა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც 6 მაისს პამპლონას „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.
„ბარსელონა“ – „რეალი“ 0:4 (0:1)
ბარსელონა, „კამპ ნოუ“
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; არაუხო, კუნდე, ალონსო (გარსია 66), ბალდე; კესი (ანსუ ფატი 60), ბუსკეტსი, სერხი რობერტო; რაფინია (ტორესი 66), ლევანდოვსკი, გავი
მწვრთნელი: ჩავი
„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო, ალაბა, კამავინგა; ვალვერდე, კროოსი, მოდრიჩი (ჩუამენი 87); როდრიგო (ასენსიო 74), ბენზემა (ნაჩო 89), ვინისიუსი (სებალიოსი 86)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1 ვინისიუსი (45), 0:2 ბენზემა (50), 0:3 ბენზემა (58, პენ), 0:4 ბენზემა (81)
გაფრთხილება: სერხი რობერტო (10), გავი (26), გარსია (67), ტორესი (76), არაუხო (84), ბალდე (86), ანსუ ფატი (90) - ვინისიუსი (26), კარვახალი (71), ალაბა (86), მილიტაო (88)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 9 (7) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 0:4
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა