იაპონელმა მოკრივემ, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა რიოტა მურატამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მან ბოლო ბრძოლა შარშან, ყაზახ გენადი გოლოვკინთან გამართა და რინგი წაგებულმა დატოვა.
მურატა პირველი იაპონელი მოკრივეა, ვინც 1964 წლის შემდეგ, ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ეს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოხდა, სადაც მან საშუალო წონაში (72.5 კგ-მდე) გაიმარჯვა. შემდეგ პროფესიონალი გახდა და იმავე წონაში, ხუთი წლის შემდეგ, WBA-ის საჩემპიონო სარტყელს დაეუფლა.
გოლოვკინთან შეხვედრა ტოკიოში შედგა. მურატამ კარგად იბრძოლა, მაგრამ ყაზახმა, ვინც GGG-ს მეტსახელით არის ცნობილი, მეცხრე რაუნდში, ნოკაუტით მოიგო. 37 წლის მურატამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს ბრძოლა მისთვის ალბათ ბოლო იქნებოდა.
პროფესიონლური მოკრივის კარიერაში, მურატას 16 მოგება და 3 წაგება აქვს. ამასთან, 13-ჯერ მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.