მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიურ მედიასთან „ნაპოლისა“ და ლუჩანო სპალეტის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სპალეტის ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოსად მიიჩნევს, ხოლო „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.
„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ სპალეტის დანიშვნით გარემო შეცვალა, გუნდში ახალი სტიმული შეიტანა. სპალეტის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ტაქტიკურად მას ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ.
„ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, ზოგადად, ყველა გუნდს, რომელიც მეოთხედფინალშია, ეს შანსი აქვს. გამარჯვებისთვის საჭიროა თვითრწმენა, უნდა გჯეროდეს და იფიქრო, რომ ძლიერი ხარ, ოპტიმისტი უნდა იყო. როდესაც „რეალი“ მეოთხედფინალშია, უკვე ყველაზე საშიშია, ეს არის კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგით სუნთქავს, „რეალისთვის“ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, ამას ამბობს ისტორია“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანს“ შეხვდება, „რეალი“ კი - „ჩელსის“. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე სპალეტისა და ანჩელტის გუნდების გზები არ იკვეთება.