სხვა

23:25 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

ბრიტანელ მოკრივეს, ქვე-როჭოს წონაში (63.5 კგ-მდე) მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ამირ ხანს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ამის მიზეზი გახდა მის სინჯში აკრძალულ პრეპარატ ოსტარინის აღმოჩენა. ეს სინჯი მას შარშან თებერვალში, თანამემამულე კელ ბრუკთან მარცხის შემდეგ აუღეს.

36 წლის ხანმა შარშანვე სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა და შესაბამისად, დისკვალიფიკაციაც ვეღარ დააზარალებს. მაგრამ თუ რინგზე დაბრუნებას მოისურვებს, ამისთვის ორი წელი ლოდინი მოუწევს, ანუ 2024 წლის აპრილამდე.

გაერთიანებული სამეფოს დოპინგ-საწინააღმდეგო სააგენტოს (UKAD) განმარტებით, ოსტარინს ისეთივე ეფექტები აქვს, როგორიც ტესტოსტერონს. ის მსოფლიოს დოპინგ-საწინააღმდეგო სააგენტოს (WADA) აკრძალული პრეპარატების სიაშია შეტანილი, როგორც ანაბოლური აგენტი და სპორტის ყველა სახეობაში, მისი გამოყენება არ შეიძლება.

ხანმა აღიარა, რომ წესები დაარღვია, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს შეგნებულად არ გაუკეთებია: „ცხოვრებაში არასდროს მითაღლითია. კელ ბრუკთან ჩემ ბრძოლას თუ გაიხსენებთ, დოპინგის გამოყენების არაფერი მეტყობა. მე რომ ეს შეხვედრა მომეგო, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა. თან მე შემოწმებას თავად ვითხოვდი. ეს ნივთიერება, იმ რაოდენობით, რამდენიც აღმომაჩნდა, ჩემს ორგანიზმში შეიძლება ხელის ჩამორთმევიტაც კი მოხვედრილიყო. წარმოდგენაც არ მაქვს, ეს როგორ მოხდა“.

ხანმა ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაშინ ის თინეიჯერი იყო. ერთი წლის შემდეგ კი პროფესიონალი გახდა და 2009 წელს WBA-ის ქვე-როჭოს წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სატიტულო ბრძოლაში მან უკრაინელი ანდრეას კოტელნკი დაამარცხა. 2011 წელს IBF-ის ტიტულიც მოიპოვა მას შემდეგ, რაც ამერიკელი ზებ ჯუდა დაამარცხა.

ხანს პროფესიონალურ კარიერაში 34 მოგება და ექვს წაგება აქვს.

0.11676