ჩოგბურთი

22:12 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი და ალკარასი მონტე კარლოს მასტერსზე ვერ ითამაშებენ

მონტე კარლოს მასტერსის სერიის ტურნირზე ვერ ითამაშებენ რაფაელ ნადალი და კარლოს ალკარასი. ნადალს უკვე თვეებია, ტრავმები აწუხებს და თამაშს ვერ ახერხებს. ალკარასმა კი, ვისაც სეზონის დაწყებიდან, ასევე ხშირი ტრავმები აქვს, მაიამის მასტერსზე კი ითამაშა, მაგრამ დაშავდა და ტურნირს გამოეთიშა.

ნადალმა ტრავმის გამო, მასტერსის ორი დიდი ამერიკული ტურნირი - ინდიან ველსი და მაიამის ღია პირველობა გამოტოვა. მას თეძო-ბარძაყის ტრავმა აქვს, რომლის გამოც, ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ის ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს იტარებს.

„სამწუხაროდ, სათამაშოდ ჯერ მზად არ ვარ. ამის გამო, ჩემთვის განსაკუთრებული იმ ტურნირების გამოტოვება მიწევს, რომლებზე თამაშიც მიყვარს. მონტე კარლო ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო და არის. მაგრამ სამწუხაროდ, მის კვლავ გამოტოვება მომიწევს, რადგან მზად არ ვარ და კვლავ დაშავების რისკიც მაღალია“, - ამბობს ნადალი, ვისაც მონტე კარლოს ტურნირი 11-ჯერ აქვს მოგებული.

მას იმედი აქვს, რომ საფრანგეთის ღია პირველობისთვის მომზადებას მოასწრებს, რომელიც 14-ჯერ აქვს მოგებული.

რაც შეეხება ალკარასს, ექიმთან ვიზიტის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მონტე კარლოში არ ითამაშებს. მას მარცხენა ხელზე პოსტ ტრავმული ართრიტი აქვს, რაც სრულფასოვნად თამაშის საშუალებას არ მისცემს. გარდა ამისა, ზურგის კუნთში დისკომფორტიც აქვს, რასაც დასვენება სჭირდება.

0.128558