სხვა

23:19 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოგაჩარმა მესამე მონუმენტური რბოლა მოიგო

ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა ფლანდრიის ტური მოიგო, რაც მისთვის მონუმენტურ ერთდღიან რბოლებში მესამე ტრიუმფია. მან გადამწყვეტი შეტევა ოლდ კვარმონის აღმართზე დაიწყო, რამაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

24 წლის პოგაჩარი ტურ დე ფრანსის სულ მესამე ჩემპიონია, ვინც საფრანგეთში ტრიუმფის შემდეგ, „რონდეს“ მოგება შეძლო. პირველებმა ეს ფრანგმა ლუისონ რობემ და ლეგენდარულმა ბელგიელმა ედი მერქსმა შეძლეს.

პოგაჩარმა ტურ დე ფრანსი 2020 და 2021 წლებში მოიგო. 2021 წელსვე მან ლიეჟი-ბასტონ-ლიეჟის და ჯირო ლომბარდიის რბოლები მოიგო. შარშან კი ლომბარდიაში მეორედ გაიმარჯვა.

ფლანდრიის ტური მეორე ადგილზე დაასრულა ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა, ვისაც ეს კლასიკური ერთდღიანი რბოლა ორჯერ (2020 და 2022 წლებში) აქვს მოგებული. მანვე ორი კვირით ადრე, მილანი-სან რემოს რბოლაში გაიმარჯვა და ფლანდრიაშიც ფავორიტი იყო, თუმცა პოგაჩარის შეტევას ვერაფერი დაუპირისპირა. მესამე ადგილს დანიელი მადს პედერსენი დასჯერდა.

პოგაჩარმა შეტევა ფინიშამდე 17 კილომეტრით ადრე დაიწყო. მალე უკან მოიტოვა ყოფილი ჩემპიონი და აქედან მოყოლებული, ბოლომდე ახლოს არავინ გაიკარა. ვან დერ პოელმა ჯერ გაბრძოლება სცადა, მაგრამ ლიდერის ტემპი მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. პედერსენმა კი ფინიშთან შვიდკაციან სპრინტში გაიმარჯვა.

პოგაჩარს მონუმენტებიდან ჯერ არ მოუგია მილანი-სან რემოს და პარიზი-რუბეს რბოლები. პირველზე შარშან მეხუთე იყო, წელს კი მეოთხე ადგილს დასჯერდა. მეორეზე კი ჯერ არასდროს გამოსულა.

0.126157