ფეხბურთი

0:46 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე მძიმე მარცხი სეზონში: "ნაპოლი" "მილანთან" განადგურდა

სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა „ნაპოლიმ“ სერია A-ს 28-ე ტურში სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და „მილანთან“ შინ 0:4 განადგურდა.

ლუჩანო სპალეტის გუნდს საერთოდ არაფერი გამოუვიდა, მეტოქეს პირიქით - ყველაფერი. „როსონერიმ“ სეზონში გამორჩეული თამაში ჩაატარა და დამსახურებულად მოიგო.

ვიქტორ ოსიმენის გარეშე „აძურის“ ძალიან გაუჭირდა, გამოჩნდა, რომ ნიგერიელი შეუცვლელი ფიგურაა და შეიძლება იმის თქმას, რომ „ნაპოლი“ მიწაზე დაეშვა, რადგან ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ნეაპოლელთათვის კარგი ისაა, რომ ეს წაგება სერია A-ს სატურნირო ცხრილზე მისთვის დიდად ვერ იმოქმედებს.

ხვიჩა კვარაცხელია თავის გუნდში გამორჩეული იყო, თუმცა, „მილანმა“ მისთვის სივრცეები მაქსიმალურად შეზღუდა. კვარა ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ეს არ იყო „ნაპოლის“ დღე.

პირველ ტაიმში ბრაჰიმ დიასი იყო დიდებული, რომელმაც ჯერ საგოლე პასი გააკეთა, მერე კი ფანტასტიკური გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში რაფაელ ლეაომ დუბლი შეასრულა, მასპინძელთა რბევას კი წერტილი ალექსის სელმაკერსმა დაუსვა - 0:4.

ეს არ არის ამ გუნდების დუელის დასასრული მიმდინარე სეზონში, რადგან 12-18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორჯერ შეხვდებიან. „ნაპოლისთვის“ ეს მატჩი გაკვეთილი უნდა იყოს, მეორე მხრივ, „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგამდე ფსიქოლოგიური უპირატესობა ნამდვილად მოიპოვა, რადგან 4-ბურთიანი უპირატესობა ძალიან სერიოზული განაცხადია - პიოლის გუნდმა თავისი შესაძლებლობების ირწმუნა.

„ნაპოლი“ წაგების მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

„ნაპოლი“ – „მილანი“ 0:4 (0:2)

ნეაპოლი, „სტადიო მარადონა“

ნაპოლი (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი (ჟუან ჟესუსი 81), მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა (ელმასი 68), ჟელინსკი (ნდომბელე 68); პოლიტანო (ლოზანო 68), სიმეონე (რასპადორი 77), კვარაცხელია

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მილანი (4-2-3-1): მენიო; კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო ერნანდესი; ბენასერი (ბაკაიოკო 83), ტონალი; დიასი (სელმაკერსი 57), კრუნიჩი (დე კეტელარე 83), ლეაო (ორიგი 74); ჟირუ (რებიჩი 74)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 ლეაუ (17), 0:2 დიასი (25), 0:3 ლეაუ (59), 0:4 სელმაკერსი (67)

გაფრთხილება: ლობოტკა (40) - ჟირუ (35)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (4) – 14 (8) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ანტონიო რაპუანო

0.119046