ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ „პარი სენ ჟერმენი“ და კლუბის მენეჯმენტი გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ეს არის შოუკლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებს.
„ზეწოლისა და დიდი მოლოდინების გამო პსჟ-ში თამაში უფრო რთულია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედში“ ან მადრიდის „რეალში“, მაგრამ პარიზში პრობლემა აქვთ: ისინი ყველას წითელ ხალიჩას უგებენ, ერთხელ დანი ალვეშმა მითხრა, როდესაც იქ თამაშობდა: „პატი, ჩვენ ვერასდროს მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას, მოდი აქ და ნახავ, რომ ჩვენ როკ ვარსკვლავები ვართ“.
ტრიბუნებზე ბერნარ ლამას კი არ ხედავთ, არამედ კარდაშიანებს და კომპანიას. ეს არის შოუკლუბი. როდესაც პარიზში თამაშზე მივდივარ, მგონია, რომ კონცერტზე მივდივარ. VIP ოთახში ვარ, შამპანურები, ნამცხვრებია. სად არიან კლუბის ლეგენდები? როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ მიდიხარ, სკამზე ჩემი გვარი წერია და კლუბის სხვა ლეგენდების სახელები, რომლებსაც იქ უთამაშიათ. ეს ჰოლივუდი არ არის“, - თქვა ევრამ.