ფეხბურთი

1:05 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 4 ქულაშია, "ინტერმა" ზედიზედ მესამედ წააგო

სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიის სერია A განახლდა, რომლის 28-ე ტური საინტერესოდ დაიწყო, რადგან მილანის „ინტერმა“ ისე წააგო.

სიმონე ინძაგის გუნდს რთული პერიოდი აქვს: ბოლო ხუთ ტურში ეს იყო მეოთხე წაგება! „ნერაძურიმ“ „ბოლონიასთან“, „სპეციასთან“, „ინტერთან“ და ახლა „ფიორენტინასთან“ წააგო. ამ პერიოდში მხოლოდ „ლეჩე“ დაამარცხა. კრიზისი აშკარაა, ხოლო „ფიორენტინამ“ „სან სიროზე“ ჯაკომო ბონავენტურას გოლით მოიგო.

„ინტერი“ 50 ქულით მესამე ადგილზე რჩება, მაგრამ ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს, რადგან შედეგები კატასტროფულია. სხვათა შორის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ინტერმა“ 28 თამაშიდან 10 წააგო, რაც რასაკვირველია საშინელი შედეგია. ფლორენციელებმა ზედიზედ მეხუთედ იმარჯვეს და 40 ქულით მერვე ადგილზე არიან.

ტურინის „იუვენტუსმა“ „ვერონას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა. მაგალითად, „იუვეს“ მხოლოდ ორი რეალური მომენტი ჰქონდა. პირველ ტაიმში დანილოს დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო მეორე მომენტი გოლად იქცა.

56-ე წუთზე მანუელ ლოკატელის შესანიშნავი პასით მოიზე კინი ხელსაყრელ ვითარებაში დარჩა და გაიტანა. სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. სხვათა შორის, მატჩს ალესანდრო დელ პიერო დაესწრო, როგორც ამბობენ, ის "ბებერ ქალბატონში" ბრუნდება, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ „ვერონა“ პირველ წრეშიც სტუმრად კინის ერთადერთი გოლით დაამარცხა. „იუვემ“ 44 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ მეოთხე ადგილს 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს მასიმილიანო ალეგრის გუნდი სამშაბათს იტალიის თასზე „ინტერთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 აპრილს, სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

ტური „კრემონეზესა“ და „ატალანტას“ შეხვედრით დაიწყო, რომელიც ბერგამოელებმა 3:1 მოიგეს. 9 იანვრის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და 67-ე წუთამდე ითამაშა. მან მოედანი მაშინ დატოვა, როცა ანგარიში 1:1 იყო, მის გარეშე კი კრემონელებმა 2 გოლი გაუშვეს და მორიგი მარცხი განიცადეს. „ატალანტა“ 48 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილს „მილანთან“ ერთად იყოფს, „კრემონეზე“ კი 13 ქულით ბოლო საფეხურსა და გავარდნის ზღვარზეა.

„იუვენტუსი“ – „ვერონა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კინი (56)

„ინტერი“ – „ფიორენტინა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბონავენტურა (53)

„კრემონეზე“ – „ატალანტა“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 დე როონი (44), 1:1 ჩოფანი (56, პენ), 1:2 ბოგა (72), 1:3 ლუქმენი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125313