იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ 1:3 დამარცხდა, ქართველი მცველი კი ძირითად შემადგენლობაში 9 იანვრის შემდეგ პირველად გამოჩნდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ ლუკამ დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით ძირითადში პირველად ითამაშა. ლოჩოშვილი მოედანზე 67-ე წუთამდე იყო და შემდეგ ხესუს ვასკესმა შეცვალა. სანამ ლოჩო თამაშობდა, ანგარიში თანაბარი გახლდათ (1:1), მის გარეშე კი კრემონელებმა 2 გოლი გაუშვეს და წააგეს. ლუკამ პირველ ტაიმში გაფრთხილება მიიღო. მას სხვადასხვა ვებგვერდებისგან თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა.
„კრემონეზე“ 13 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და გავარდნასთან ძალიან ახლოსაა, მომდევნო ტურში კი 8 აპრილს, „სამპდორიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე შუა კვირაში იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება. ლუკა ლოჩოშვილს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასით გამოირჩა.