ფეხბურთი

17:57 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის გარეშეც "სიტიმ" "ლივერპული" იოლად დაამარცხა

სანაკრებო პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგა სუპერმატჩით განახლდა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპული“ პრობლემების გარეშე, 4:1 დაამარცხა.

არადა, პეპ გვარდიოლას გუნდისთვის თამაში ცუდად დაიწყო: მე-17 წუთზე დიოგო ჟოტას შესანიშნავი მოქმედების შედეგად მოჰამედ სალაჰმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. თუმცა, იურგენ კლოპის გუნდმა უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა, მხოლოდ 10 წუთი. შემდეგ კი „ქალაქელთა“ იდეალური კომბინაცია ხულიან ალვარესმა გოლით დაასრულა. ტაიმი ასე დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე „სიტიმ“ თამაშის ბედი გადაწყვიტა.

46-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა „სიტი“ წინ გაიყვანა, ხოლო 7 წუთის შემდეგ ილქაი გიუნდოგანმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, რის შედეგადაც ნათელი გახდა, რომ კლოპის გუნდი დამარცხდებოდა. ასეც მოხდა, 74-ე წუთზე ჯერ გრილიშმაც გაიტანა და 4:1. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელებმა „წითლებს“ ასე იოლად ერლინგ ჰოლანდის გარეშე მოუგეს.

„მანჩესტერ სიტი“ 64 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „არსენალს“ კი 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ლივერპულმა“ ზედიზედ მეორედ წააგო, 42 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. კლოპის გუნდი ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება, წინ კი „ჩელსისთან“ დაპირისპირება ელოდება.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“ 4:1 (1:1)

გოლები: 0:1 სალაჰი (17), 1:1 ალვარესი (27), 2:1 დე ბრუინი (46), 3:1 გიუნდოგანი (53), 4:1 გრილიში (74)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112661