ავსტრალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მაქს ფერსტაპენმა მოიგო. მისმა თანაგუნდელმა სერხიო პერესმა კი, ვინც საუდის არაბეთში გაიმარჯვა, დროის დაფიქსირებაც კი ვერ შეძლო. სამაგიეროდ, მეორე და მესამე დრო „მერსედესის“ პილოტებს, ჯორჯ რასელს და ლუის ჰამილტონს ჰქონდათ.
კვლავ გაიბრწყინა ფერნანდო ალონსომ, ვინც მეოთხე ადგილს კი დასჯერდა, მაგრამ განაცხადა, რომ მისთვის ეს ამ სეზონში საუკეთესო კვალიფიკაცია იყო. ესპანელმა პირველი ორი რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა.
მხოლოდ მეშვიდე დრო ჰქონდა რბოლის შარშანდელ გამარჯვებულ შარლ ლეკლერს, მისი თანაგუნდელი კარლოს საინსი კი მეხუთე იყო. „ფერარის“ პილოტებმა ისევ წააგეს „მერსედესთან“, რომელიც თავადაც არაა საუკეთესო ფორმაში. თუმცა გერმანული გუნდის ინჟინრებმა, კვალიფიკაციისთვის შესაფერის ბალანსს მიაგნეს და იმედი აქვთ, რომ ამ წარმატებას რბოლაშიც გაიმეორებენ.
ბევრისთვის გასაკვირად, მერვე დრო აქვს „უილიამსის“ ალექს ელბონს, ვინც ჯედას რბოლა მეათე ადგილზე დაასრულა და სახელოვან გუნდს, რომელიც ბოლო სეზონების აუტსაიდერია, ქულა შესძინა.
„საბურავების სასურველ რეჟიმში ამუშავება ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლო წრე საუკეთესო იყო. მიხარია, რომ პოულზე ვარ. საუკეთესო მანქანა გვაქვს, მაგრამ რბოლაში მთავარი ის იქნება, რომ საბურავები ოპტიმალურად ვამუშაოთ. წინ საინტერესო რბოლა გველის“, - განაცხადა 25 წლის ფერსტაპენმა, ვისაც ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლა ჯერ არ მოუგია.
მისგან განსხვავებით, ძალიან გაუჭირდა პერესს, ვინც მესამე პრაქტიკის დროს, ტრასა ნაადრევად ოთხჯერ დატოვა. მიზეზი მანქანის ცუდი ბალანსი იყო. მაგრამ გუნდმა საქმე ვერც კვალიფიკაციისთვის გამოასწორა. შედეგად, პერესი პირველივე სწრაფ წრეზე ტრასის მიღმა აღმოჩნდა და მისი მანქანა საევაკუაციო გახდა.
ავსტრალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:16.732
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:16.968
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:17.104
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1:17.139
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1:17.270
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1:17.308
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:17.369
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1:17.609
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1:17.675
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) 1:17.735
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1:17.768
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1:18.099
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:18.119
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:18.129
- ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1:18.335
- ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1:18.517
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1:18.540
- ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) 1:18.557
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:18.714
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) -