„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აქტუალურ თემებზე იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. უფრო კონკრეტულად მას ჰკითხეს ვიქტორ ოსიმენის ტრავმაზე, „მილანთან“ მოახლოებულ მატჩებსა და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის შესაძლო განახლებაზე.
„ოსიმენი ალბათ ორი კვირით გამოგვაკლდა, იმედია. „მილანთან“ მატჩებში სამივე შედეგი მოსალოდნელია, არასოდეს იცი, რა მოხდება. ეს არის გუნდი, რომელსაც ოსტატურად მართავენ მალდინი, სკარონი და ახალი მფლობელები. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და მათაც ვინმე დააკლდებათ. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ძალები დაბალანსებული იქნება, რათა გულშემატკივრებს ფეხბურთით სიამოვნება მივანიჭოთ.
რამდენად მნიშვნელოვანია იტალიური ფეხბურთისთვის იტალიური გუნდების დუელი ჩემპიონთა ლიგაზე? ეს არის უთავო უეფას პრობლემები! წარმოიდგინეთ, იტალიის თასზე მეოთხე მატჩიც რომ გვეთამაშა, სასაცილო იქნებოდა, არა? ახლაც სასაცილოა, რომ ერთ გუნდს სამჯერ ვეთამაშებით. ევროტურნირებზე რომ თამაშობ, გინდა ძალები გამოცადო საუკეთესო ევროპულ გუნდებთან. ამიტომაც, „მილანს“ სხვა ევროპულ გუნდთან უნდა ეთამაშა და „ნაპოლის“ სხვასთან. სანამ უეფას არ შევცვლით, ჩვენ ყველანი მათი მონები ვიქნებით და არა საფეხბურთო ასოციაციების.
ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ფეხბურთს წარმოადგენენ გულშემატკივრები, ისინი, ვინც სტადიონზე დადიან მატჩების სანახავად, ან ვირტუალურად უყურებენ, აიპადით ან სახლში ტელევიზორით. მათ უნდა სცენ პატივი, რადგან ფეხბურთში მთავარი მოქმედი პირები გულშემატკივრები არიან, ფეხბურთელებიც კი არა, არამედ გულშემატკივრები.
კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? კი, მაგრამ რა განახლებაზე მეკითხებით, როდესაც მასთან 5-წლიანი კონტრაქტი მაქვს? პირობების გაუმჯობესება? თქვენ ჰგავხართ იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც საკუთარი საქმე არ აინტერესებთ და სანახაობაზე საუბრის ნაცვლად, ვულგარულ ფულზე ლაპარაკობენ“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.