ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის დრამატული მეოთხე ეტაპი ივანე მამაცაშვილმა მოიგო. კვალიფიკაციაში ტრადიციულად, არჩილ ციმაკურიძემ იმარჯვა, თუმცა პირველი პოზიციიდან სტარტის უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო.
სტარტის შემდეგ ციმაკურიძის, მამაცაშვილის და ცისკარიძის სამეული დაწინაურდა. არჩილმა რბოლის დასაწყისში კედელთან მცირე კონტაქტის გამო ავტომობილი დააზიანა
და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ლიდერობისთვის ბრძოლაში კი მიშო ცისკარიძემ სწრაფ მარჯვენა მოსახვევში მამაცაშვილის გასწრება სცადა, თუმცა მათ შორის მომხდარი კონტაქტის გამო ტრასიდან გადავარდა, კედელს შეეჯახა და საბოლოოდ, რბოლას გამოეთიშა. მამაცაშვილმა დამაჯერებლად ჩაატარა რბოლის დარჩენილი ნაწილი და პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატის ოთხი ეტაპი ოთხმა სხვადასხვა მრბოლელმა მოიგო.
მეორე ადგილზე სანდრო თავართქილაძე გავიდა. სანდრომ სტარტი მეექვსე პოზიციიდან აიღო თუმცა მოწინააღმდეგეების პრობლემებით ისარგებლა და მეორე ადგილზე მშვიდად დააფინიშა. მესამე სანდრო შამანიდი იყო, მეოთხე - არჩილ ციმაკურიძე.
ოთხი ეტაპის შემდეგ ჩემპიონატს 85 ქულით ციმაკურიძე და შამანიდი ლიდერობენ, მესამე ადგილზე 75 ქულით თავართქილაძემ გადაინაცვლა. მიშო ცისკარიძემ ზედიზედ ორი უქულო ეტაპის შემდეგ 57 ქულით მეოთხე ადგილზე დაქვეითდა, ამ პოზიციისთვის კი ერთდროულად რამდენიმე მრბოლელი იბრძვის.
საქართველოს ჩემპიონატი ვირტუალურ რბოლაში მეოთხე წელია ტარდება. მეხუთე ეტაპი კი 5 აპრილს გაიმართება.