ფეხბურთი

17:05 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მლესავებს რას გაუგებ...

საქართველოში დასაქმებულსა და (თუნდაც დროებით) დამსაქმებელს შორის პრობლემები მუდმივად არსებობდა. რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ რამდენჯერ მოგვსვლია კამათი და ხშირად ჩხუბიც კი საქმის უგერგილოდ გამკეთებელ მუშებთან თუ ხელოსნებთან. ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალიზმის ნაკლებობა ბევრ სფეროში უმწვავესი პრობლემაა და ახალს არაფერს ვიტყვი, რომ მათ შორისაა სპორტი.

გაიხსენეთ ბოლო წლებში ქართული სპორტული ინფრასტრუქტურის უხარისხოდ გაკეთების შემთხვევები. დამეთანხმეთ, რომ ზუგდიდის და ფოთის სტადიონების აშენება-რეკონსტრუქცია, თბილისის ახალი სპორტის სასახლის აშენება და მერე მისი გაზრდა-გაფართოება არამხოლოდ უბრალოდ ცუდად განხორციელდა, არამედ ამ ყველაფერს სამარცხვინოც კი შეიძლება ეწოდოს. ბათუმის ახალაშენებულ სტადიონზე ბალახის ბუნებრივად ამოსვლის პრობლემა რომ დგას, ესეც გემახსოვრებათ და ალბათ ისიც გახსოვთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებში მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი მოედნების ნაწილი იმდენად უხარისხოა, რომ ხელოვნურ საფარზე ბურთის გორებას ბავშვებმა ისევ ასფალტზე მუხლების გადატყავება არჩიეს.

ჰოდა აი ასე, ჯახირითა და წვალებით მივედით ორ მთავარ ამბამდე. პირველი - ესაა, ქართველი დამქირავებლის უცოდინრობა. მეორეა ხელოსან-მუშის იმდენად დიდი არაპროფესიონალიზმი, რომ ასეთ არაპროფესიონალ, ზარმაც და მატყუარა ხელოსანს არცთუ მადლიერმა ქართველმა ხალხმა დიდებული გამოთქმა მიუძღვნა - „მოვიდა მლესავი, დადგა ხესავით“. ამ წინადადებაში ერთი სიტყვა როგორც არ უნდა შევცვალოთ და შევალამაზოთ, ფაქტია, რომ ერთი უცოდინარი და ზარმაცი მლესავის ამბავი ათწლეულების მანძილზე ლამის საქართველოს სიმბოლო გახდა. ეს სენი გვჭირს ლამის ყველგან და ყველაფერში.

ავტომობილს გასაკეთებლად მიიყვან, ხელოსანი ერთი კვირა გაცდევინებს, ათას სისულელეს გეტყვის, ათას შეთქმულების თეორიას ჩამოარაკრაკებს, მიედება-მოედება და რაც მთავარია მანქანას მაინც არ და ვერ გააკეთებს.

ონკანი გაგიფუჭდება და თუ გაგიმართლა და ხელოსანი იმავე დღეს მოვიდა, მაქსიმუმ წყლის ჭავლის შეწყვეტა მოახერხოს. მერე წავა და დაიკარგება. არ მოვა მეორე, მესამე, მეოთხე დღეს. დაბანა გინდა, უწყლოდ ხარ. ხელოსანს რა თქმა უნდა ურეკავ, ნამუსზე აგდებ. „აი მალე მოვალ, ერთ საათში მანდ ვარო“ - გეუბნება და ბოლოს ხვდები რომ უბრალოდ გატყუებს.

სახლში რემონტი თუ დაიწყე, დამამშვიდებელი წამლები უნდა მოიმარაგო. ხელოსნები ჯერ გასამრჯელოს ნახევარს მოგთხოვენ. „რა ვქნა, ბავშვს წამლები უნდა ჯიგაროო“ - გეტყვიან. მისცემ ფულს, იმუშავებენ 2-3 დღე, მერე ისინიც დაიკარგებიან და აღმოაჩენ, რომ მიცემული ფული სულ სხვა რამეში დაუხარჯავთ. იმათაც ურეკავ, სთხოვ, ემუქრები ვიღაც-ვიღაცების ჩარევით, ხან წუწუნებ, ხარ ერთ ამბავში და თუკი პატივი დაგდო და მობრძანდა, საყვედურს აქეთ გეტყვის, „რა იყო შე კაი კაცო, მოვიდოდი აბა სად წავიდოდიო“.

ისე, მართლა საინტერესოა მაინც ვინ იყო ის „დამდგარი მლესავი?“ ან ეს გამოთქმა ვინც მოიგონა თუა ცოცხალი და თუ ხვდება, რომ „მოვიდა მლესავი, დადგა ხესავით“-ით ერის მთავარი უბედურების საწყისებს მიაგნო? ან რომ მივიდა ის მლესავი და რომ დადგა, მერე რა ქნა ნეტა? რამე გააკერა თუ ასე იდგა, იდგა, ბოლოს თქვა: „ამ საქმიდან არაფერი გამოვაო“, ხელი ჩაიქნია და წავიდა?

მლესავებს რას გაუგებ...

0.121601