სხვა

1:36 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანადელმა თინეიჯერმა 400 მეტრზე თავისუფალში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

16 წლის კანადელმა მოცურავე სამერ მაკინტოშმა, კანადის შესარჩევ ტურნირზე, რომელიც ქალაქ ტორონტოში ჩატარდა, 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა.

მაკინტოშმა გაცურვა 3 წუთსა და 56.08 წამში დაასრულა და ძველ რეკორდს, რომელიც ავსტრალიელ არიარნე ტიტმუსს ეკუთვნოდა, 0.32 წამი მოაკლო.

„მტირალა არ ვარ, მაგრამ ეს რეკორდი... არ მეგონა, თუ დღეს ამას შევძლებდი. ეს წარმოუდგენელია. ემოციური პიროვნება არ ვარ, მაგრამ დღეს ემოციამ შემიპყრო. ახლა ეიფორიაში ვარ. ჩემი ბოლო რამდენიმე წელიწადი ამას მივუძღვენი. იმას, რომ საუკეთესო ვიყო, იმას, რომ ამას მივაღწიო. ვერც ვიოცნებებდი, რომ დღეს ამისთვის მიმეღწია“, - ამბობს ახალი რეკორდსმენი.

მაკინტოშის მწვრთნელი ბრენტ ერკი ამბობს, რომ ტორონტოელი თინეიჯერი მოცურავე ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისაც მასთან უვარჯიშია: „წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა უნდა ვთქვა ახლა. ვცდილობ, ყველაფერი გავიაზრო. ეს განსაკუთრებული მიღწევაა“.

ახლახანს მაკინტოშმა ამერიკელ კეიტი ლედეცკის, მის საშინაო აუზში (ფორტ ლოდერდეილში, ფლორიდა), ბოლო ცხრა წელიწადში პირველი მარცხი აგემა 200 მეტრზე თავისუფალ სტილში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129847