ინდონეზია 2023 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ვერ უმასპინძლებს.
„ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოსა და ინდონეზიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ერიკ ტოჰირის შეხვედრის შემდეგ, გადაწყდა ინდონეზია გამორიცხოს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების სიიდან" - გვამცნობს ფიფას პრესსამსახური.
ტურნირი ინდონეზიაში 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით უნდა გამართულიყო, მაგრამ მასში ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობის გამო, უთანხმოება დაიწყო. ქვეყანაში ზოგიერთმა პარტიამ უარი თქვა ისრაელელების მონაწილეობის უფლებაზე, რადგან ისრაელს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ინდონეზიასთან. ინდონეზია პალესტინის მხარდამჭერია.
ქალაქ ბალის გუბერნატორი, ვაიან კოსტერი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ისრაელის ბალიში ჩასვლას მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშების წინ.
საბოლოოდ, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ გადაწყვიტა ადგილობრივი ფედერაციის თავმჯდომარე, ერიკ ტოჰირი, ინფანტინოსთან შესახვედრად გაეგზავნა, პრობლემის გადაჭრის მიზნით. ჩანს, კომპრომისს ვერ მიაღწიეს.
ჩემპიონატის ახალი მასპინძელი ქვეყანის ვინაობა უახლოეს მომავალში გაცხადდება. ტურნირის ჩატარების თარიღები უცვლელი რჩება.