საქართველოს ნაკრებისა და „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა და თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა.
გოგა ბითაძემ „მემფის გრიზლსის“ წინააღმდეგ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე 13 წუთი გაატარა და ამ დროში 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი, 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და გუნდს დიდად დაეხმარა, თუმცა „ორლანდო მეჯიქმა“ შეხვედრა მაინც წააგო - 113:108.
გამარჯვებულთა მხარეს და ზოგადად, შეხვედრაში საუკეთესო დეზმონდ ბეინი იყო, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. ბითაძის თანაგუნდელებიდან 25 ქულით მო ვაგნერი გამოირჩა. 24 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა იტალიელ დრაფტის პირველ ნომერ პაოლო ბანკეროს.
დღევანდელი მარცხი „მეჯიქისთვის“ რიგით 44-ე იყო 32 გამარჯვების წინააღმდეგ. ამ მაჩვენებლით, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 საფეხურს იკავებს. მომდევნო შეხვედრას გუნდი 1 აპრილს, „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება მემფისს, გუნდი შესანიშნავად გამოიყურება და 48 მოგებითა და 27 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „დენვერ ნაგეთსს“ ჩამორჩება. მათი მომდევნო მეტოქე 30 მარტს „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ იქნება.