ფეხბურთი

1:10 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "პირველი ტაიმის შემდეგ ქულაზე აუცილებლად თანახმა ვიქნებოდი"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ნორვეგიასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველი ტაიმის გამო კრიტიკას იმსახურებენ.

„პირველ 30 წუთში გვიჭირდა ბურთის ამოტანა დაცვიდან, რაც გუნდს დაეტყო, რადგან დაცვიდან თუ პასებით ბურთი არ ამოგვაქვს, ჩვენს შემტევებს თამაში ძალიან უჭირთ. არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ნახევარდაცვაში თავისუფალ ფეხბურთელს ვერ ვპოულობდით. კრიტიკა გვეკუთვნის და ვიღებთ, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში, უფრო თამამები ვიყავით, რამაც შედეგი გამოიღო, ძალიან მაგარი გოლი გავიტანეთ. პირველი ტაიმის შემდეგ რომ გეკითხათ ჩემთვის, ქულაზე თანახმა თუ ვიქნებოდი, ხელს მოვაწერდი. კი, მეტი გვინდოდა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ერთ ქულას უნდა დავჯერდეთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელები ვეტერანებს გვჯობნიან, ამიტომ არ სჭირდებათ გამხნევება. ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან, მათ ხარისხს მოედანზე ვხედავთ. ძალიან მაგარი პოტენციალი აქვთ, რომ უკეთესად ითამაშონ, თამაშიდან თამაშამდე უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენენ.

ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ვარ. მეამაყება, რომ ამდენი ხანი ნაკრებში შემოვრჩი და კიდევ შემიძლია გუნდს დავეხმარო. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე ათეულ თამაშს ჩავატარებ და გუნდს დავეხმარები“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 1 ქულით ნორვეგიასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩებს 17 და 20 ივნისს, კვიპროსსა და შოტლანდიასთან გამართავს. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება.

0.139814