საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშამდე ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა პრესკონფერენცია გამართა.
55 წლის სპეციალისტმა მნიშვნელოვანი თამაშის წინ, როგორც საკუთარ გუნდზე, ისე მეტოქის შესახებ ისაუბრა.
„მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელის მატიას ნორმანის ნაკრებში დაბრუნება? მისი დაბრუნების შანსი არ არის, იქამდე, სანამ ამ პიორბებში რუსეთში თამაშობს. შანსი არაა. 4:1 მოგება თბილისში 1999 წელს? იმ თამაშში მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიყავი, სერიოზულად (იღიმის - რედ). ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ ვეცადოთ ქულების მოპოვება. ვხვდებით ძალიან კარგ გუნდს, რომელმაც სახლში რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, როგორებიც იყო თამაშები ესპანეთის, შვედეთის წინააღმდეგ. გარემოც საოცარი იყო, რამაც გადაწყვიტა თამაშის ბედი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, მაგრამ აქ მხოლოდ 3 ქულისთვის ჩამოვედით.
კვარაცხელია, როგორც პასებით, ისე გოლებით რეგულარულად გამოირჩევა. თითქმის ყველა გოლში იღებს მონაწილეობას. ძალიან პერსპექტიული ბიჭია და ამას აჩვენებს როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე სერია A-ში. „ნაპოლი“ ჩემი აზრით, ახლა იტალიაში საუკეთესო გუნდია და მათ აქვთ შანსი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ. მათ კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ.
საქართველოს კვარაცხელიას გარდა, სხვა კარგი ფეხბურთელები ჰყავს, სამი ცენტრალური მცველი, ასევე თავდამსხმელი. ვილი სანიოლის სახით ძალიან კარგი მწვრთნელიც გყავთ. საქართველო ანგარიშგასაწევი გუნდია, თუმცა კვლავ განვმეორდები, აქ მოსაგებად ვართ ჩამოსული.
დღესდღეობით ორივე გუნდს ჰყავს ანალიტიკოსი, ბევრი საიდუმლო არ არსებობს და ფეხბურთელების თქმის გარეშე კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ კონკრეტული ფეხბურთელისგან, მათ შორის, ხვიჩასგან და ზურიკოსგან, ისევე, როგორც მთელი საქართველოს ნაკრებისგან“, - თქვა სოლბაკენმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი 28 მარტს, ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" 20:00 საათზე გაიმართება. სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს ამ თამაშით დაიწყებს, ხოლო ნორვეგიამ 25 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან 0:3 წააგო.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნორვეგიასთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 მატჩი, 3 წაგება - 1996 წელს სპარინგში 0:1, ხოლო 1999 წელს ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:4 და 0:1.