კალათბურთი

10:15 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 13 და ბითაძის 2-ქულიანი მატჩები NBA-ში

ღამით NBA-ის ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს. მამუკელაშვილმა კვლავ დიდი დრო მიიღო და შედეგიანიც იყო, ბითაძემ კი შედარებით ცოტა ითამაშა.



სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიო სპურსის“ შემადგენლობაში „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა. ქართველი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა 22 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მამუკელაშვილმა 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, 3-დან 2_ჯერ კი საჯარიმო ჩააგდო.

შეუჩერებელი იყო „ბოსტონ სელტიქსის“ ერთ-ერთი ლიდერი ჯეილენ ბრაუნი, რომლის შესანიშნავი თამაშითაც, მასპინძლებმა შეხვედრა 137:93 მოიგეს.

ბრაუნმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა, რა დროშიც 41 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. „სპურსის“ შემადგენლობაში საუკეთესო - 21 ქულით ზაკ კოლინსი იყო.

დღევანდელი მარცხის შემდგომ, „სან ანტონიო სპურსს“ 19 მოგება და 56 მარცხი აქვს. გუნდი მხოლოდ იმისთვის იბრძვის, რომ დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე არ გავიდეს. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 30 მარტს, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

რაც შეეხება „ბოსტონ სელტიქსს“, ეს გუნდი აღმოსავლეთში 52 მოგებითა და 23 მარცხით მხოლოდ ლიდერ „მილუოკი ბაქსს“ ჩამორჩება. მასაჩუსეტსის შტატის წარმომადგენლები მომდევნო მატჩს 29 მარტს, „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო მიიღო მეორე ქართველმა გოგა ბითაძემ, რომელმაც „ორლანდო მეჯიქში“ „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ მხოლოდ 6 წუთი ითამაშა. გოგამ ერთი ორქულიანი ისროლა, ისიც ზუსტი გამოდგა და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა. რაც შეეხება შეხვედრას, ის მისი გუნდის გამარჯვებით - 119:106 დასრულდა.



„ორლანდო მეჯიქი“ 32 მოგებითა და 43 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ბითაძე და კამპანია 29 მარტს, „მემფის გრიზლსის“ წინააღმდეგ გამართავენ. ამავე კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა „ბრუკლინ ნეტსი“, რომელთა ანგარიშზეც 40 მოგება და 35 მარცხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113238