კალათბურთი

23:16 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 9 და ბექა ბურჯანაძის 4 ქულა სერია A-ში

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „პეზარო“ პრობლემების გარეშე 88:76 დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი ბოლო პერიოდის წინ გადაწყდა, როცა ბოლონიელებმა 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

შენგელიამ 21 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ 19 მოგებით და 4 წაგებით იტალიის ჩემპიონატში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 2 აპრილს, „ტრიესტეს“ ესტუმრება.

ბექა ბურჯანაძის „რეჯანა“ სტუმრად „ვენეციას“ დაუპირისპირდა და 69:78 დამარცხდა. რეჯო ემილიელებმა პირველი ტაიმი სოლიდური სხვაობით წააგეს და მატჩის გადარჩენის შანსი არ მისცემიათ.

ბურჯანაძემ აღნიშნულ შეხვედრაში 19 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 4 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„რეჯანა“ 7 მოგებით და 16 წაგებით სერია A-ში ბოლო, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 აპრილს, „სკაფატის“ უმასპინძლებს.

0.109317