ფეხბურთი

19:55 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარგი მეორე ტაიმი: საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წელი გამარჯვებით დაიწყო და ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრები 6:1 გაანადგურა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტებიც მრავლად შექმნა, მაგრამ შესვენებაზე უპირატესობით გასვლა ვერ შეძლო.

ანგარიში მე-15 წუთზე დავით ვოლკოვმა გახსნა, რომელმაც მეკარის მოგერიებულს დაამატა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმის მომენტში ვოლკოვი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, თუმცა, გვერდით მსაჯს ეს არ შეუმჩნევია. მალევე ჩაკვეტაძე ორი მეტრიდან ურტყამდა და გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა, მეკარე ბრწყინვალედ გაისარჯა. მერე ვოლკოვი გახლდათ დუბლთან ახლოს, მაგრამ მისი თავური დარტყმა ძელს მოხვდა.

29-ე წუთზე მონღოლეთის ნაკრებმა პირველივე გააზრებული შეტევით გოლი გაიტანა, რომელიც ბალჯიამინ ბატბოლდის ანგარიშზეა. ყველაფერი მამუკა კობახიძის პასიურობით და გიორგი ლორიას არაზუსტი პასით დაიწყო, მერე სტუმრებმა მაგარი კომბინაცია გაათამაშეს და გაიტანეს.

ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, მაგრამ გიორგი გოჩოლეიშვილის მოპოვებული პენალტი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა, რომელსაც ისევ მეკარემ აჯობა. შედეგად, პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

თუ პირველ ტაიმში არ უმართლებდა, მეორე ნახევარში გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქე ორჯერ დაამწუხრა, თანაც, ერთწუთიან ინტერვალში. მან 57-ე და 58-ე წუთებზე გაიტანა და ეროვნული ნაკრების მაისურით თავი 4 წლისა და 4 თვის შემდეგ გამოიჩინა.

ცოტა ხანში, ზურიკო დავითაშვილის პასით საბა ლობჟანიძემ გაზარდა სხვაობა, ხოლო 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი ბერიძემ დააფიქსირა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა და შანსი ხელიდან არ გაუშვია. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბუდუ ზივზივაძემ დააფიქსირა და საქართველომ მეტოქე 6:1 გაანადგირა.

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 28 მარტს, ისევ ბათუმში ჩაატარებს, ამჯერად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ.

საქართველო - მონღოლეთი 6:1 (1:1)

ბათუმი, „აჭარაბეთარენა“

საქართველო (3-4-2-1): ლორია (გუგეშაშვილი 46); კობახიძე, დვალი, საზონოვი; ლობჟანიძე, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (სიგუა 64), გოჩოლეიშვილი; წიტაიშვილი (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71), ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 64)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მონღოლეთი (4-3-3): ენხტაივანი; ცუვშანჯარგალი, ბაიარცენგელი, ორხონი, ბ. განბოლდი; ამარაა, ხურელბაატარი, არტაგი; ბატბოლდი, ბაატარცოგტი, გ. განბოლდი

მწვრთნელი: იჩირო ოცუკა

გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბატბოლდი (40), 2:1 ჩაკვეტაძე (57), 3:1 ჩაკვეტაძე (58), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90)

გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40, მეკარე)

მსაჯი: ზავენ ჰოვჰანისიანი

0.139274