თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის არც ისე კარგად მიმდინარეობს. 11 სპორტსმენიდან მედლების მოპოვება მხოლოდ 3-ს შეუძლია და სამივე მათგანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა 1/4 ფინალურ შეხვედრაში მონღოლ ერდენებაიარ ბატზაიასთან დათმო ბრძოლა და ბრინჯაოს მედლისთვის საჭიდაოდ გადაინაცვლა, სადაც ბულგარელ მარკ ჰრისტოვს დაუპირისპირდება.
ამავე წონაში და ამავე ეტაპზე დამარცხდა კოტე კაპანაძე ბულგარელ ჰრისტოვთან და ისიც ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. კაპანაძის მეტოქე ესპანელი სალვადორ კასეს როკა იქნება.
მესამე ბრინჯაოს შანსი კი 81 კგ.-ში დიმიტრი გოჩილაიძეს აქვს. მან ნახევარფინალში შეძლო გასვლა, სადაც ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზართან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ის გერმანელ ტიმო კაველიუსთან იჭიდავებს.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.