ფეხბურთი

13:59 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ქუთათელაძე: “ანჟიში ფინანსური პრობლემების გამო 3 თვე უხელფასოდ ვთამაშობდი“

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსულ „სპორტს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც „პსჟ“-ში და რუსეთში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა:



„ლილის“ 14-წლამდელთა გუნდში ბევრი გოლი გავიტანე, რის შემდეგაც 15-წლამდელთა გუნდთან ერთად პარიზში წამიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ და მე გოლი არ გამიტანია, პსჟ-ს სკაუტს მოეწონა ჩემი თამაში. მათთან ერთად „ბრიუგე“ და „ფეიენორდიც“ იყვნენ იქ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარიზში მეტი პერსპექტივა იყო. პირველ თამაშში 3 გოლი გავიტანე და 2 საგოლე გადაცემაც გავაკეთე, მეორეში კი დუბლი შევასრულე.

პსჟ-ს აკადემიაში ყველა სავარჯიშო სესიას დრონებით და 5 კამერით იღებდნენ. „პარკ დე პრენსზე“ პრესასთან კომუნიკაციის გაკვეთილებიც კი გვიტარდებოდა. სკოლაში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენგან მხოლოდ 1 ან 2 თუ გახდებოდა ფეხბურთელი. აკადემია „ლილსაც“ ძალიან კარგი აქვს, უბრალოდ პსჟ ბრენდია. ძირითად გუნდთან ურთიერთობა ხშირად გვქონდა. ერთად ვსადილობდით. 2017 წელს, როდესაც გუნდში ნეიმარი გადმოვიდა, ეს უდიდესი შოკი იყო ჩემთვის. პირველად, როდესაც ის დავინახე საჭმელიც კი არ მიჭამია, უბრალოდ მას ვუყურებდი. ვარჯიშებზე ხანდახან ისეთ ფეხბურთელებთან გვიწევდა თამაში, ვინც ძირითად გუნდთან ერთად არ იყო. ერთხელ ჩვენთან ვერატი ვარჯიშობდა, რომელიც ტრავმის რეაბილიტირებას ცდილობდა, მას ბურთს ვერავინ ართმევდა.

როდესაც ნეიმარს პირველად შევხვდი, მისთვის არაფერი მითხოვია. როდესაც დამინახა, რომ ტელეფონით ხელში ვიდექი, თავად მკითხა მსურდა თუ არა მასთან ერთად ფოტოს გადაღება. ის უბრალო ადამიანია, ისევე როგორც მბაპე და კიმპემბე.

გუნდის აკადემიაში ერთადერთი თეთრკანიანი მე ვიყავი და მგონი მათ ჩემი მსგავსი აქამდე არასოდეს ჰყავდათ ნანახი. ადაპტირება გამიჭირდა, რადგან მათ თავისი ხუმრობები და ცეკვები ჰქონდათ, თუმცა კარგად მიმიღეს და გუნდის ნაწილად მაქციეს. ცუდად არასდროს მომქცევიან. ცეკვით არ ვცეკვავდი, თუმცა მე ჩიტო-გვრიტოს ვმღეროდი ქართულად.

შემეძლო პსჟ-ს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მეხუთე ლიგაში მეთამაშა, თუმცა გუნდის სპორტულმა დირექტორმა, პატრიკ კლიუვერტმა მითხრა, რომ ჯობდა სხვა გუნდი მომეძებდა. სტივენ ჯერარდი იყო ჩემს თამაშზე მოსული, თუმცა ინგლისის ვიზა არ მომცეს. მამაჩემს „ანჟის“ პრეზიდენტმა დაურეკა და უთხრა, რომ პირველ გუნდში მხედავდა. რუსეთში ფული დიდად არ მადარდებდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ 3-4 თვე უხელფასოდ მომიწია თამაში, რადგან „ანჟის“ ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

რუსეთში თამაშის შემდეგ, „სტრასბურგს“, „ლეხიას“ და „ტორპედოს“ სურდა ჩემი დამატება, თუმცა „როდეზის“ ვარიანტი ყველაზე კარგად მოსჩანდა. გამოსაცდელი პერიოდი გავიარე და გუნდში ჩავირიცხე. ძირითად გუნდთან ერთად ბევრს ვვარჯიშობ და ველოდები, როდის მივიღებ შანსს. ვფიქრობ, პირველ გუნდში თამაშისთვის ყველაფერი მაქვს. რთულ სიტუაციაში ვარ, თუმცა ფეხბურთი ძალიან მიყვარს და თავის დანებებას არ ვაპირებ“ - განაცხადა ქუთათელაძემ.

0.123313