საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მონღოლეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან შემადგენლობაში როტაცია დააანონსა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ის ფეხბურთელებისგან ყოველთვის სწორ მიდგომას და მონდომებას ითხოვს.
„მონღოლეთის ნაკრებზე არც ისე ბევრი რამეა ცნობილი, მაგრამ ვუყურე მათ თამაშებს, რაც ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩაატარეს და ამის მიხედვით ვემზადებით, კონკრეტულ დეტალებს ვუზიარებ ფეხბურთელებს. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ერთი ფეხბურთელი გვყავს, რომელმაც ბევრი თამაში ჩაატარა, ზოგმა უფრო ნაკლები და შესაბამისად, ახალი სახეები გამოჩნდებიან მოედანზე, იქნება გარკვეული ცვლილებები. ამხანაგური მატჩები სწორედ ამისთვისაა, რომ ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან ჩემი მიდგომა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს, ამხანაგურია თუ ოფიციალური მატჩი, ყოველთვის ვითხოვ დისციპლინას, სწორ მიდგომას და პროფესიონალიზმს, რა თქმა უნდა, შედეგთან ერთად.
მიქაუტაძეს მივეცით თავის დროზე გარკვეული შენიშვნები, რაც ვფიქრობ, მან გაითვალისწინა და ახლა დროა, ნაკრებმა ისარგებლოს მისი შესაძლებლობებით. გეთანხმებით, რომ ალბათ, არ არის ტიპური 9 ნომერი, თუმცა, მას გააჩნია თავდამსხმელის თვისებები, ტექნიკური და ძლიერია, შეუძლია თავდასხმაში თამაში და მისგან კარგ რაღაცებს ველოდები.
კვარაცხელია უძლიერეს კლუბში და ჩემპიონატში თამაშობს, გადასარევ მწვრთნელთან. ყველანი ვხედავთ მის თამაშს და გვიხარია მისი წარმატებები. აქვე ვიტყოდი, რომ მუდმივად ხვიჩას შესახებ საუბარი ცოტა უხერხულია გასაგებია, რომ ყველა გუნდს სჭირდება ლიდერი, არა მხოლოდ ჩვენთან, სხვაგანაც ასეა, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატებას მთლიანად გუნდი აღწევს. ევროპის ჩემპიონატზე თუ გავალთ, იქ საქართველოს ნაკრები ითამაშებს კვარაცხელიასთან ერთად და არა მხოლოდ ხვიჩა. მისი მიდგომა, მონდომება და პროფესიონალიზმი ბოლო პერიოდში არ შეცვლილა. მახსოვს ის დროც, როცა მის მიმართ არცთუ ისე პოზიტიური კომენტარები კეთდებოდა, ახლა კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და საქართველოში გმირია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია და ყველაფერი წინ აქვს. რაც მთავარია, ჩვენი გუნდის ნაწილია, იდეალური თანაგუნდელია ყველასთვის, მისი მიდგომა სამაგალითოა.
ლუკა პირველად შარშან გამოვიძახეთ, თუმცა იმ მომენტისთვის მაინცდამაინც კარგ ფორმაში არ იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში საკლუბო დონეზე რაც აჩვენა, დამარწმუნა, რომ მზადაა დაგვეხმაროს. ახლა სულ სხვა მეკარეა, ვიდრე 18 თვის წინ იყო, უკეთეს ფორმაშია, უფრო მონდომებულია და სწორი მიდგომა აქვს. ვფიქრობ, ერთ დღეს მზად იქნება, რომ ნაკრებს დაეხმაროს. ხვალ კარში გიორგი ლორია იქნება, ასევე გუნდის კაპიტანიც.
სიგუა ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, მას დიდი მომავალი აქვს, მათ შორის ნაკრებშიც. თავიდან ცოტა თავშეკავებულად მოქმედებდა, რაც გასაგებია, რადგან პირველადაა გამოძახებული, თანაგუნდელების უმრავლესობას ჯერ არ იცნობდა. გვიხარია, რომ გამოვიძახეთ, ჩვენ მას ვესაუბრეთ, ავუხსენით რისი გაუმჯობესება შეუძლია უახლოეს მომავალში. ვინაიდან ამ ორ მატჩში ყველა გარკვეულ დროს მიიღებს, ისიც ითამაშებს, მაგრამ ზუსტად რამდენი დრო დაეთმობა არ ვიცი, მაგრამ ითამაშებს და დარწმუნებული ვარ, ეს მისთვის ძალიან საამაყო მომენტი იქნება.
როგორც გახსოვთ, ბათუმში პირველი-ორი თამაშის ჩატარება უმაყურებლოდ მოგვიწია, თუმცა, შვედეთთან შესანიშნავი ატმოსფერო იყო და ამანაც მოგვცა მოტივაცია, რომ ის მატჩი მოგვეგო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორ თამაშშიც ასე იქნება. რა თქმა უნდა, მას მერე მოლოდინი გაიზარდა, რაც ბოლო დროს კარგ შედეგებს მივაღწიეთ. გულშემატკივარი ყოველთვის გვაძლიერებს, ამიტომ, ბათუმში თამაში ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, ისინი ხვალაც დიდ მოტივაციას მოგვცემენ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.