საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მონღოლეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან მატჩების წინ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, თუ ფეხბურთელები ჯანმრთელად იქნებიან, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შესაძლებელია.
„თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ. გვექნება ამბიცია და დანარჩენი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზეა, ჩვენს მომზადებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად თუ ვიქნებით გვაქვს შანსი, რომ ჯგუფში ჩვენი სათქმელი ვთქვათ.
ყოველთვის ვამბობ, რომ ნაკრები ჩემი საყვარელი ადგილია. მითუმეტეს, ისეთ ნაკრებში ყოფნა, სადაც ძალიან ბევრი წარმატებაა, ბევრი შრომა იდება და მიზანდასახული გუნდია. საამაყოა იყო ასეთი გუნდის წევრი და კაპიტანი“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.