„ბორდოსა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ფრანგმა ჟურნალისტმა ნიკოლას პაოლორსიმ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ზურიკო ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებს. ლიგა 2-ის ბოლო ტურში „ნიმთან“ შეხვედრაში (1:0) დავითაშვილს პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მეკარემ აჯობა.
„ტექნიკურად ლამაზი ფეხბურთელია, მაგრამ შეტევის ბოლო ფაზაში სიმკვეთრე მაინც აკლია. მხოლოდ ორი გოლი და ორი საგოლე პასი შემტევი მოთამაშისთვის იმ კლუბში, რომელიც აღზევებისთვის იბრძვის, ძალიან ცოტაა. ბოლო ფაზაში სიმკვეთრე აკლია, თუნდაც ტექნიკურად სუფთად თამაშობდეს“, - თქვა პაოლორსიმ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს. მან ლიგა 2-ში ჩატარებულ 20 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, გარდა ამისა, საფრანგეთის თასზე ორ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.