ფეხბურთი

16:14 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 34 წლის ნახევარმცველმა თავად გააკეთა.

„სერიოზული ფიქრის შემდეგ ვაცხადებ კარიერის დასრულების შესახებ. თითქმის 17 წლის განმავლობაში მქონდა პრივილეგია ფეხბურთელი ვყოფილიყავი და წარმოუდგენლად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რაც მქონდა. ბოლო რამდენიმე კვირასა და თვეში რამდენიმე ტრავმის გამო სულ უფრო ცხადი გახდა, რომ ფეხბურთის დიდი სცენის დატოვების დრო იყო. ეს გახლდათ წარმოუდგენელი მოგზაურობა, საოცარი ემოციებით და მომენტებით გაჟღენთილი. მინდა მადლობა გადავუხადო „შალკეს“, „ვერდერს“, „რეალს“, „არსენალს“, „ფენერბაჰჩეს“ და „ბაშაკშეჰირს“, მწრვთნელებს და თანაგუნდელებს.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს უახლოეს მეგობრებს. ისინი ამ მოგზაურობის პირველივე დღიდან დიდ სითბოს მაგრძნობინებდნენ და მეხმარებოდნენ, როგორც კარგ, ისე ცუდ პერიოდებში. მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, ვინც ამხელა სიყვარული გამოიჩინა ჩემს მიმართ“, - დაწერა სოციალურ ქსელში გერმანელმა.

მესუთ იოზილმა კარიერა გელზენკირხენის „შალკეში“ დაიწყო, შემდეგ კი ბრემენის „ვერდერში“ გადავიდა, სადაც თავი გამოიჩინა. გერმანელმა ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის „რეალსა“ და „არსენალში“ გაატარა, 2020 წლიდან კი თურქეთში ითამაშა, სადაც ჯერ „ფენერბაჰჩეს“ წევრი იყო, ბოლოს კი „ბაშაკშეჰირში“ ირჯებოდა.

გერმანიის ნაკრებში იოზილმა 2009-2018 წლებში 92 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საკლუბო კარიერაში მან გერმანიის თასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი, ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო. ასევე, 2009 წელს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონი გახდა.

0.120229