10:54 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია ბეისბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

დღეს World Baseball Classic-ის, ანუ იგივე ბეისბოლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც იაპონიამ ამერიკის შეერთებული შტატები 3:2 დაამარცხა.



ეს არ იყო სხვა ამერიკული სპორტების მსგავსი შემთხვევა, სადაც აშშ-ის ნაკრები არაპროფესიონალური შემადგენლობით თამაშობს ხოლმე. ჩრდილოამერიკელებს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები ჰყავდათ გუნდში, თუმცა იაპონია მთელი ტურნირის განმავლობაში გულით და დიდი მონდომებით თამაშობდა, ამიტომაც დაიმსახურეს კიდეც ეს შედეგი.

MLB-ში, ამერიკის მეიჯორ ლიგაში, ახლა წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, შესაბამისად, ვარსკვლავების დიდმა ნაწილმა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, რამაც ეს ტურნირი კიდევ უფრო სანახაობრივი გახადა.

ანგარიში მეორე ინინგში ტრეა ტერნერმა სოლო ჰოუმრანით გახსნა. იაპონელებს დიდხანს არ მოუწიათ მდევრის რანგში ყოფნა. იმავე ინინგში, მუნატაკა მურაკამიმ ასევე სოლო ჰოუმრანით უპასუხა ტურნირის ფავორიტებს და ანგარიში გაათანაბრა.

აშშ-ის მთავარ მწვრთნელს სასტარტო პიტჩერის შეცვლა მე-2 ინინგშივე მოუწია, რაც დიდი დანაკარგია გუნდისთვის. ასევე მე-2 ინინგში ლარს ნუტბარის დარტყმულს იაპონელთა მეორე ქულაც მოჰყვა.

მე-4 ინინგში ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, კაზუმა ოკამოტომ უძლიერესად გაისროლა და იაპონელები 3:1 დააწინაურა. მე-8 ინინგში ამერიკელთა მხრიდან კაილ შვარბერის მიერ შესრულებულმა ჰოუმრანმა თამაში ძალიან დაძაბა.

ბოლო ინინგში, გადამწყვეტი აუტის შესასრულებლად, გორაკზე იაპონელთა და არამარტო იაპონელთა, MLB-ის საუკეთესო მოთამაშე, შოჰეი ოჰტანი ავიდა გორაკზე, რომელიც ერთდროულად როგორც პიტჩერი, ისევე მინდვრის მოთამაშეა. ბოლო აუტზე ის და მაიკ თრაუტი, „ლოს ანჯელეს ენჯელსში“ თანაგუნდელები, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი სწორედ ოჰტანის დარჩა, რომელმაც იაპონიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.

ტურნირის MVP სწორედ იაპონელთა ლიდერი, შოჰეი ოჰტანი გახდა.

მას შემდეგ, რაც ბეისბოლის მსოფლიო ჩემპიონატმა სახელი შეიცვალა და Baseball World Classic ქვია, იაპონიამ ეს ტურნირი მესამედ მოიგო. 2006 და 2009 წლებში ჰქონდათ მათ მსგავსი მიღწევა დაფიქსირებული. 2013 წლის ჩემპიონი დომინიკის რესპუბლიკა გახდა, 2017 წლის კი აშშ.

ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ სად ჩატარდება მომავალი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.

0.134442