კალათბურთი

9:41 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი და რეკორდული ქულები: სანდრო კვლავ ძირითად ხუთეულში იყო (+VIDEO)

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიოში" გადასვლა კარგი გადაწყვეტილება იყო. ქართველ კალათბურთელს საკმაოდ დიდი სათამაშო დრო ეძლევა და ამ შანსს თავადაც კარგად იყენებს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დღეს გამთენიას მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა და ახალ გუბდში ჩაგდებული ქულების პირადი რეკორდიც გააუმჯობესა, თანაც ისე, რომ თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო.

მისი საუკეთესო მატჩი გრეგ პოპოვიჩის გუნდში "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ შედგა, სადაც 23 წლის კალათბურთელმა მოედანზე 25:20 წუთი გაატარა. ამ დროში მამუკელაშვილმა 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა, თუმცა სან ანტონიელები დიდი ანგარიშით, 35-ქულიანი სხვაობით 84:119 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ახალ გუნდში ქულების მხრივ სანდროს საუკეთესო შედეგი აქამდე 12 ქულა იყო.

ქართველისთვის ეს არ გახლდათ ეგრეთწოდებული “თრეშ თაიმი”. ანუ დრო, როცა სათადარიგო კალათბურთელს მაშინ აძლევენ სათამაშო დროს, როცა მატჩის ბედი ერთი ან მეორე გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტილია და ბრძოლას აზრი აღარ აქვს. ერთი, რომ 25 წუთზე მეტი უკვე სოლიდური დროა, თანაც სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო, სადაო გდებაზეც დადგა და პირველ პერიოდში მოედანზე გატარებულ 7 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოს შეხვედრას, "ნიუ ორლეანსი" პლეი-ოფში გასვლისთვის იბრძვის და ეს გამარჯვება სჭირდებოდა. ასეც მოხდა, უილი გრინის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ინარჩუნებდა, რაც შეხვედრის ბოლოს სოლიდურ სხვაობაშიც აისახა.

ლეგენდარული მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი კი გუნდს სამომავლოდ აშენებს და როგორც ჩანს, მისი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი კალათბურთელია. მან ეს ღიადაც განაცხადა 1 კვირის წინ, "დენვერთან" სანდროს დიდებული თამაშის შემდეგ და ბოლო მატჩებში მისი სასტარტო ხუთეულში ჩასმით და სათამაშო დროის გაზრდით სანდროს მნიშვნელობას ხაზს უსმევს.

მწვრთნელის ნდობას მამუკელაშვილიც ამართლებს. ამის კარგი სადემონსტრაციო შემთხვევა დღევანდელი შეხვედრა იყო, სადაც საკუთარ გუნდში სანდრო საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა მეორე პერიოდში 6:38 წუთი ითამაშა და 3 ქულას დასჯერდა, ხოლო მესამეში მოედანზე 7:27 წუთი დაყო და თავი 6 ქულას მოუყარა. დასკვნით პერიოდში მამუკელაშვილმა მხოლოდ 4:12 წუთი ითამაშა და 2 ქულა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა მოედანი თამაშის დასრულებამდე 7:48 წუთით ადრე დატოვა და თამაშში აღარ დაბრუნებულა.

მთლიანობაში სანდრომ ორქულიანებიც 50-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა და სამიანებიც. მამუკელაშვილმა 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან სამივე ტყორცნა 100-პროცენტიანი სიზუსტით გამოიყენა.

მოგროვებული 20 ქულით ის "სან ანტონიოში" საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ "ნიუ ორლეანის" ძირითადმა ცენტრმა, იონას ვალანჩუნასმა 28 წუთი ითამაშა და 19 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. პოპოვიჩის გუნდში კი 15-15 ქულა დააგროვეს დევონტე გრეჰემმა და ტრე ჯონსმა. ტეხასური გუნდის სტატისტიკურ ლიდერ კელდონ ჯონსონს არ უთამაშია.

"სან ანტონიოს" 72 მატჩიდან 19 გამარჯვების წილ 53 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზე იმყოფება. სანდრო და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას 23 მარტს, ქართველის ყოფილი გუნდის - "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

რაც შეეხება "ნიუ ორლეანსს", 35 მოგება და 37 წაგებით მე-11 ადგილი უჭირავს და ათეულში შესასვლელად იბრძვის. გრინის გუნდი 24 მარტს, "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.

0.11472