საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად საქართველოს ნაკრებსა და ფრანგი სპეციალისტის საქართველოში მუშაობას დაეთმო.
სანიოლმა ძალზე ღიად და საინტერესოდ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელია თავის დროზე ფრანგულ კლუბებს შესთავაზა, მაგრამ ყველა მათგანისგან უარი მიღო.
- თქვენი გუნდი სამ დღეში ორ მატჩს ითამაშებს, მათ შორის, ნორვეგიასთან...
- ნორვეგიასთან შეხვედრამდე მონღოლეთს ვეთამაშებით. ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვე ჩვენზე ნაკლებად ძლიერი მეტოქე მოეძებნა გარკვეული მოთამაშეებისთვის სათამაშო დრო რომ დამეთმო. თუმცა, მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ნორვეგიასთან თამაშია.
- So Foot-მა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ პოტენციურ გუნდებში შეიყვანა...
- თქვენი კოლეგა, რომელმაც ეს დაწერა, ოპტიმისტია (იღიმის - რედ). სერიოზულად კი, ვიცით, რომ ესპანეთის ნაკრები ჩვენს ჯგუფში აშკარა ფავორიტია. ნორვეგიას ჰყავს ჰოლანდი, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სხვა ძლიერი თანაგუნდელებიც ჰყავს. ჯგუფში ასევეა შოტლანდია და ვიცი, რა რთული გლაზგოში თამაში, ასევე კვიპროსშიც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აუტსაიდერად მიიჩნევს. არ ვამბობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ შეგვიძლია, უბრალოდ ვიტყვი, რომ ვეცდებით ჯგუფიდან გასვლას. თუ ტრავმებს ავირიდებთ, 18-20 ფეხბურთელი დამჭირდება, რომ მეტოქეებს პრობლემები შევუქმნათ. შესარჩევი ეტაპი 8 თამაშისგან შედგება და 8 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
- საქართველოს დაუმარცხებია უფრო ძლიერი გუნდები. განიჭებთ თუ არა, ეს თავდაჯერებას?
- მართალია, ბათუმში შვედეთს 2:0 მოვუგეთ, სალონიკში საბერძნეთთან 1:1 ვითამაშეთ, ხოლო ესპანეთთან თბილისში ბოლო წუთებზე 1:2 წავაგეთ. ვფიქრობ, ერთ მატჩში ნებისმიერის დამარცხება შეიძლება. შესარჩევი ეტაპის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ეს შეიძლება უფრო რთულია, განსაკუთრებით ფიზიკურად.
- ბოლოს ერთა ლიგაზე პრაქტიკულად უდანაკარგოდ იასპარეზეთ...
- დიახ. შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, 6-დან 5 მატჩი მოვიგეთ, მათ შორის ორი ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა. გუნდი იგებს თამაშებს, რაც მოტივაციას და თავდაჯერებას ზრდის. წელიწადზე მეტია, რეალური იმპულსი შევიძინეთ, პროგრესირების ფაზაში ვართ და ერთა ლიგაზე ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ.
- საქართველოში 2021 წლის თებერვალში დაინიშნეთ. როგორ მოხდა ეს, როცა 2017 წლის შემდეგ აღარ მუშაობდით. მწვრთნელობაზე თავი დანებებული გქონდათ?
- არა, უბრალოდ, პირადი მიზეზების გამო გაჩერება მომიწია. მქონდა, კლუბებისა და ნაკრებების წინადადებები, მაგრამ მაშინ შეუძლებელი იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ საფეხბურთო სამყაროს მოწყვეტილი ვიყავი. RMC-ზე ვმუშაობდი მიმომხილველად, რაც საშუალება მაძლევდა თვალყური მედევნებინა და მესაუბრა ფეხბურთზე. შემდეგ მივიღე შეთავაზება საქართველოდან. არც ქვეყნისა და არც ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში 2006 წელს ვითამაშე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. ლევან კობიაშვილს, ფედერაციის პრეზიდენტს, ვიცნობ, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი მოედანზე ბუნდესლიგაში, როდესაც „ბაიერნში“ ვთამაშობდი. დამიკავშირდა და ძალიან სწრაფად დავთანხმდი.
- რატომ?
- პროექტი მომეწონა, რადგან შემომთავაზეს დროთა განმავლობაში მუშაობა და პროცესის მშენებლობა. ორწლიანი კონტრაქტის ხელმოწერაზე ბევრი არ მიფიქრა, კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ კიდევ ორი წლით გავახანგრძლივე. მეც გადავწყვიტე თბილისში მეცხოვრა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელი იცნობდეს ქვეყანას, მის კულტურას, ტრადიციებს, მოქალაქეებსა და ფეხბურთელებს. ისე, ცოტათი ქართული ენის შესწავლასაც ვცდილობდი, მაგრამ ფეხბურთელებმა მირჩიეს დავნებებულიყავი, რადგან ძალიან რთული ენაა, თავიანთი დამწერლობაც აქვთ.
- როგორც ჩანს, საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და თბილისი ძალიან სასიამოვნო დედაქალაქია...
- წელიწადში დაახლოებით 7 თვეს ვატარებ აქ. ჩემი მოვალეობაა ჩემპიონატისა და თასის მატჩებზე წასვლა და ყურება, ფედერაციაში დროის გატარება. ეს არის ფედერაცია, რომელსაც დიდი ფინანსური სახსრები არ აქვს, ამიტომ, თითოეული ევრო სწორად უნდა იქნას გამოყენებული. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, რომელსაც მდიდარ კულტურა აქვს. საბჭოთა პერიოდში რუსეთმა დაიპყრო. ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა, ძალიან კარგი სამზარეულო აქვთ. სხვადასხვა ქალაქებში მატჩებზე რომ მივდივარ, ვაცნობიერებ ამ პატარა ქვეყნის სილამაზეს. რაც შეეხება თბილისს, მართლაც ძალიან ლამაზი დედაქალაქია, ძალიან სასიამოვნოა და დინამიური. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში, აქ შეგიძლია მანქანის კარის გასაღებიც დაივიწყო.
- როგორ დაახასიათებთ ქართველ ფეხბურთელს?
- მას აქვს კარგი ტექნიკური უნარები. ამიტომაც, გადავწყვიტე 3-კაციანი დაცვით ვითამაშოთ, რადგან წინ ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გუნდი შეიცვალა, ნელ-ნელა უფრო ახალგაზრდული გახდა, რადგან გვჭირდება ცოცხალი, სწრაფი, გამძლე ელემენტები თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩემს არეალში არის ადგილობრივი კლუბების ფეხბურთელებიც, ძირითადად, დინამო ბათუმიდან და დინამო თბილისიდან, რომლებიც ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდია და რომლებსაც საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშის დონე ალბათ აქვთ. დანარჩენები უფრო დაბალი ფრანგული ლიგების დონეს აკმაყოფილებენ. ამიტომ, მოთამაშეებს მოვუწოდებ, უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ წავიდნენ, რათა შეძლონ წინსვლა და ეს ნაკრებსაც სარგებელს მოუტანს.
- შეიცვალა თუ არა მსოფლმხედველობა ქართველ ფეხბურთელებზე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით „ნაპოლის“ ფენომენის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის წყალობით?
- დიახ, ეს ეხმარება. ის, რასაც იტალიაში აკეთებს, გასაოცარია. ამის წყალობითაც უფრო მეტად დაინტერესდნენ ქართველი ფეხბურთელებით. მახსოვს, როდესაც რუსეთიდან წამოვიდა და თავისუფალი იყო, მასზე რამდენიმე ფრანგულ კლუბს ვესაუბრე, მაგრამ მისი აყვანა არ ისურვეს. ნაპოლიში გადასვლამდე "დინამო ბათუმში" რამდენიმე თვე ითამაშა და შედეგი დღეს უკვე ჩანს. ამჟამად რამდენიმე ფრანგული კლუბი მირეკავს და მეკითხებიან ინფორმაციას. მენტალიტეტი იცვლება. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ჩემი გუნდის რამდენიმე მოთამაშეს არ აქვს ისეთი დონე, რომ ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში ითამაშოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მხოლოდ 3.7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ამიტომ მოთამაშეთა რაოდენობა შეზღუდულია.
- საქართველოში, როგორც ჩანს, დიდი ინტერესია ეროვნული ნაკრების მიმართ, რადგან გიბრალტართან თბილისში 45 000, ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი 55 000 მაყურებელი იყო სტადიონზე...
- ნაკრების მატჩებს ყოველთვის ბევრი ხალხი ესწრება. აქ ხალხი ფეხბურთითაა გატაცებული, ბოლო რამდენიმე თვის შედეგებით მოლოდინი კიდევ უფრო მეტია. არ იფიქროთ, რომ აქ ზეწოლა არ არის, პირიქით, ძალიან ძლიერია, გადაჭარბებულიც კი, მაგრამ ვფიქრობ ეს კარგია, ზეწოლის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. როდესაც აქ ჩამოვედი, უფრო აღმიქვამდნენ, როგორც „ბაიერნის“ ყოფილ ფეხბურთელს, ახლა კი ნამდვილად აღმიქვამენ, როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელს.