კალათბურთი

1:39 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 13 და რატი ანდრონიკაშვილის 4 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ თურქული „დარუშაფაქა“ 75:71 დაამარცხა.

ეს შეხვედრა ესპანელთათვის ფორმალობა იყო, რადგან პლეი-ოფის საგზური ისედაც მოპოვებული ჰქონდათ, მაგრამ მეტოქეს მაინც არაფერი დაუთმო.

გიორგი შერმადინმა აღნიშნულ შეხვედრაში 14:05 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების 14-ს გაუტოლდა, რაც თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ „ბილბაო“ 71:67 დაამარცხა. ვინაიდან ეს შეხვედრაც ფორმალობა იყო, მაკფადენი დაასვენეს, სამაგიეროდ, სათამაშო დრო მიიღო ანდრონიკაშვილმა, რომელსაც ესპანურ კლუბში იშვიათად ენდობიან.

რატიმ 14:42 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 1-ს გაუტოლდა.

L ჯგუფში „ლენოვო ტენერიფე“ 5 მოგებით და 1 წაგებით პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო „მურსიამ“ (4-2) მეორე საფეხური დაიკავა. შედეგად, ორივე გუნდი მეოთხედფინალში ითამაშებს.

0.114484