კალათბურთი

1:08 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალებში დინამო და თსსუ დაწინაურდნენ

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიები დაიწყო. უმაღლეს ასაკობრივ ჩემპიონატში 4 საუკეთესო გუნდი ფინალში გასასვლელად იბრძვის. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ სერია 2 გამარჯვებამდეა და გუნდები, რომლებიც დღევანდელი მატჩების შემდეგ სერიაში დაწინაურდნენ, ფინალში გასასვლელად 1 გამარჯვების მოპოვებაც სჭირდებათ.

პირველ ნახევარფინალში დინამო და რუსთავი დაუპირისპირდნენ. თორნიკე გელოვანის გაწვრთნილ დინამოელებს მიმდინარე სეზონში მარცხი არ აქვთ და წარმატებული სერია ნახევარფინალშიც გააგრძელეს. რუსთაველებმა მათ მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა. საწყისი პერიოდი 27:24 დასრულდა, რის შემდეგაც დინამომ მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა და 3-ქულიანი ლიდერობა დიდი შესვენებისთვის 18 ქულამდე გაზარდა – 59:41.

ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ლევან ფიცხელიანის დომინირებით დინამო ლიდერობას განუწყვეტლივ ზრდიდა და საბოლოოდ მეტოქე 34 ქულით – 106:72 (სტატისტიკა) დაამარცხა. ფიცხელიანმა, რომელიც სუპერლიგაში “ტიტების” ღირსებას იცავს, შეხვედრა 28 ქულით, 18 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. 20 ქულა და 8 პასი მოაგროვა სერგი ნინუამ, ხოლო ნიკოლოზ გულიაშვილის ანგარიშზე 19 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. რუსთაველთა გუნდში 23 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა ჯანყარაშვილი. 16 ქულა და 9 მოხსნა ლევან ტურაშვილმა მიითვალა.

დინამო სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი 23 ნოემბერს, რუსთავში გაიმართება მასპინძლების გამარჯვების შემთხვევაში, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება. ხოლო თუ დინამო მოიგებს, ფინალის საგზურს მოიპოვებს.

GBF.GE

0.111462