ფეხბურთი

14:55 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი ხოჭოლავაზე, გაგნიძეზე, ჩაკვეტაძეზე, საზონოვსა და ნორვეგიასთან მატჩზე...

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა მონღოლეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხებსა და კონკფრეტულ ფეხბურთელებზე ისაუბრა. მან განმარტა დავით ხოჭოლავასთან შექმნილი სიტუაცია, ასევე ისაუბრა მოსკოვის "დინამოდან" ფეხბურთელების გამოძახების შესახებ.

ხოჭოლავას შესახებ: „საკმაოდ დიდი ხანია მას მუხლი აწუხებს. მისმა კლუბმა ძალიან გვთხოვა, რომ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო, მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს უკვე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ამის გამო, ის 6-დან 8 კვირამდე პერიოდს გამოტოვებს. მე მას პარასკევს ვესაუბრე და ნამდვილად არ უნდოდა გუშინ "კოპენჰაგენში" თამაში. მენისკის პრობლემა სერიოზულია და ამ ეტაპზე მისი არ გამოძახება სწორი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან.“

არ გამოძახებული ფეხბურთელების შესახებ: „ზოგი ცოტას თამაშობს, ზოგს დიდი ხანია აღარ უთამაშია. ნორვეგიასთან მატჩი ძალიან პრინციპულია და ყველა პოზიციაზე ერთი ფეხბურთელი მაინც უნდა მყოლოდა, ვინც რეგულარულად ითამაშებდა. აზაროვი, წიტაიშვილი და გიორბელიძე ძალიან ცოტა დროს იღებენ თავის გუნდში და ეს უნდა შეიცვალოს დროთა განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მათ გამოძახებას ვეღარ შევძლებ. შემადგენლობა ისე უნდა ავარჩიო, რომ წარმატების მიღწევა შევძლოთ.“

ლოჩოშვილის შესახე: „ამ ეტაპზე მას სათამაშო დრო არ აქვს, ამიტომაც თავი შევიკავე მისი გამოძახებისგან“.

საზონოვის შესახებ: „არაერთხელ ვესაუბრეთ მას და თავადაც გამოთქვა სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ. ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო. ამის შემდგომ, ჩემთვის პრიორიტეტი ის იქნება, თუ რამდენად მზად იქნება ის ამა თუ იმ შეხვედრისთვის. თუ მივიჩნევ, რომ ნორვეგიასთან თამაშისთვის მზად იქნება, მე მას ვათამაშებ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში გადაწყვიტა თამაში.“

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების შესახებ: „მე პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი. ჩემი გადმოსახედიდან ეს ორი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი ჩვენ ძალია დაგვეხმარება. პოლიტიკური საკითხები ყოველთვის აქტუალურია, თუმცა რაღაც მომენტში მე პოლიტიკა და ფეხბურთი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნო და ნაკრების ინტერესებზე ვიფიქრო.“

გაგნიძის შესახებ: „აქამდე ის იმიტომ არ გამოვიძახე, რომ მზად არ იყო. მას შემდეგ, რაც მის თამაშს ვუყურე, დავინახე, რომ ის მზად არის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ".

ყაზაიშვილის შესახებ: „ყველა მოთამაშემ ანგარიში უნდა გაგვიწიოს მეც და თანაგუნდელებს. გუნდში ყოველთვის უნდა იყოს პატივსაცემი და პოზიტიური გარემო. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ვაკოს გამოძახებისგან თავი შევიკავეთ, თუმცა მომავალში რა იქნება, ეს არავინ იცის.“

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე: „საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებდი. სპალეტისთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ის არ ცხოვრობს საქართველოში, თუმცა ფეხბურთელები ზრდასრული ადამიანები არიან და მათ თავისუფალ ქვეყანაში აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება. ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა სოციალურ მედიებში. მეც უცხოელი ვარ აქ, ყველამ კარგად მიმიღო და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, თუმცა ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება და პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება არ შემიძლია".

გაბრიელ სიგუაზე: „მე მას გორეცკას შევადარებდი, რადგან მშრომელი და თავისი ასაკისთვის ფიზიკურად განვითარებულია. ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრებში, მოგვიანებით გავიგებთ, თუმცა მე ფეხბურთელს მხოლოდ მაშინ ვიძახებ, თუ მიმაჩნია, რომ ის სათამაშოდ მზადაა და არა იმისთვის, რომ უბრალოდ გუნდთან ერთად გაატაროს დრო. მნიშვენლობა არ აქვს ასაკს და გუნდს, თუ ფეხბურთელი მზადაა, მე მას გამოვიძახებ, მაგრამ იმაზე მეტს არ მოვთხოვ, რაც მე აქამდე მისგან დავინახე. ბევრი ვიფიქრეთ მის გამოძახებაზე. ძალიან მომეწონა თამაში და ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის მზადაა.

ჰოლანდის წინააღმდეგ თამაშზე: „ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს, ჩვენ კი გურამ კაშია. ამაზე მეტს აღარ ვისაუბრებ".

ჩაკვეტაძის შესახებ: „თავიდან ძალიან წარმატებით თამაშობდა, თუმცა შემდეგ მას რთული პერიოდი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ჩვენ მას ნაკრებში მაინც ვიძახებდით. ის კოლექტივის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. მან ჩვენი მხარდაჭერა იგრძნო და ძალიან მიხარია ის, რომ გუნდშიც მუდამ თამაშობს. პოზიცია ჯერ არ ვიცი, თუმცა იმედია, რომ მოედანზე მისთვისაც მოიძებნება ადგილი. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ის ჯანმრთელია და თამაში შეუძლია".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

0.159518