ფეხბურთი

11:21 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში “რეიმსის“ წაუგებელი სერია “მარსელმა“ დაასრულა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურის ბოლო მატჩი „რეიმსსა“ და „მარსელს“ შორის გაიმართა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, რითაც „რეიმსის“ 19-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.



უილ სთილის შეგირდებს, მწვრთნელის, რომლის შესახებაც ევროპულ ფეხბურთში ბოლო დროს ბევრი საუბრობდა, ზედიზედ 19 მატჩი არ ჰქონდა ლიგა 1-ში წაგებული, რაც ევროპის TOP 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი იყო.

გუნდი მე-13 წუთზე ბომბარდირობისთვის მებრძოლმა ფოლარინ ბალოგუნმა დააწინაურა და „რეიმსის“ წარმატებული სვლისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მე-16 და 29-ე წუთებზე ალექსის სანჩესის მიერ შესრულებული დუბლის წყალობით, „მარსელმა“ თამაში პირველივე ტაიმში მოატრიალა.

მატჩის მეორე ნახევარში უილ სთილის შეგირდები ბევრს ეცადნენ წაუგებელი სერიის გაგრძელებას, თუმცა მათი მცდელობები უშედეგო გამოდგა. საფრანგეთის ჩემპიონატში „რეიმსს“ ბოლო წაგება 18 სექტემბერს, „მონაკოს“ წინააღმდეგ ჰქონდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ „რეიმსის“ მთავარ მწვრთნელს, 30 წლის უილ სთილის UEFA-ს PRO კატეგორიის ლიცენზია არ აქვს, რის გამოც გუნდს ყოველი მატჩის შემდგომ ფულადი ჯარიმა ეკისრება.

ამ გამარჯვების შემდგომ, „მარსელი“ ლიგა 1-ის ცხრილში მე-2 პოზიციაზე დაბრუნდა. გუნდს 59 ქულა აქვს და პირველადგილოსან პსჟ-ს 7 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „რეიმსს“, სთილის გუნდი 43 ქულით მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

0.117575