ფეხბურთი

16:38 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" კვარაცხელიასთვის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში იბრძოლებს

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული გუნდებისგან დიდი ინტერესია. ის უკვე დაუკავშირეს „რეალსა“ და „პარი სენ ჟერმენს“, ასევე „ნიუკასლ იუნაიტედს“, რომელსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

Football Insider-ის ინფორმაციით, „ნიუკასლი“ ზაფხულში 22 წლის ქართველი ფეხბურთელის შეძენას ეცდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „კაჭკაჭები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ. ნიუკასლელები ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და საკმაოდ მაღალი შანსი აქვთ, რომ 2002-2003 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ.

„ნაპოლი“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას 100 მილიონ ევროზე ნაკლები შეთავაზების შემთხვევაში არც აპირებს. თუმცა, სხვადასხვა გრანდების დაინტერესების შესახებ აქამდეც არაერთხელ დაწერილა. კვარას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, იტალიური მედია დიდი ხანია აქტიურად წერს, რომ ზაფხულში ქართველი შემტევი ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებს და მას ხელფასი გაუორმაგდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი გამოიმუშავა.

0.116239