ჰოლანდიელმა ველომრბოლმა მატიო ვან დერ პოელმა, ახალი სეზონის პირველი მონუმენტური (ერთდღიანი) რბოლა, მილანი-სან რემო მოიგო. იგივე რბოლა 62 წლის წინათ, მისმა ბაბუამ, ფრანგმა რაიმონ პულიდორმა მოიგო.
„UAE ტომ ემირატსის“ წევრები თითქმის მთელ რბოლას აკონტროლებდნენ, დისტანციის მიწურულს კი პელოტონს სათავეში მათი ბელგიელი მრბოლი ტიმ ველენსი ჩაუდგა, რომელმაც შემდეგ ლიდერობა სლოვენიელ თანაგუნდელ ტადეი პოგაჩარს გადაულოცა.
ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონთან ერთად, დაწინაურება იტალიელმა ფილიპო განამ, ვან დერ პოელმა და ბელგიელმა ვუტ ვან აერტმაც შეძლეს. ფინიშამდე 5.5 კილომეტრით ადრე, პოჯოს აღმართზე, ვან დერ პოელმა გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო, რაზეც პასუხი ვერავინ გასცა. მან ფინიშს მარტომ მიღწია, მომდევნო ადგილები კი განამ, ვან აერტმა და პოგაჩარმა დაიკავეს.
„რა თქმა უ8ნდა, ეს განსაკუთრებული მიღწევაა. არამხოლოდ იმიტომ, რომ მოვიგე. ეს ის მონუმენტური რბოლაა, რომელში გამარჯვებაზეც ყველა ოცნებობს. რბოლის მიწურულს ვგრძნობდი, რომ ფეხებში ძალა შერჩენილი მქონდა და ვიცოდი, რომ შეტევის დაწყება პოჯოსთან შემეძლო“, - ყვება გამარჯვებული.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფრანგი ჟულიან ალაფილიპი შუა რბოლისას მასობრივ ინციდენტში მოხვდა, რის გამოც, ველოსიპედის შევლა მოუწია. ის პელოტონს კი დაუბრუნდა, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძოლა ვერ შეძლო.