ფეხბურთი

18:09 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ივან იურიჩი: "კვარაცხელია შეუჩერებელია, მხოლოდ პირჯვრის გადაწერა შეგვიძლია"

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ხორვატ სპეციალისტს შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი შეჩერების გეგმაზე დაუსვეს.

იურიჩმა არ დამალა, რომ ეს შეუძლებელია, უბრალოდ, პირჯვრის გადაწერაა შესაძლებელი:

„ვერ გააჩერებ. არიან ფეხბურთელები, რომელთა შეჩერებას ორმაგი მეურვეობით ცდილობ, მაგრამ თუ ამ ხერხს მიმართავ, შეიძლება თავისუფალი ადგილი დაუტოვო მარიო რუის, რომელიც მის უკან თამაშობს, ან ნახევარმცველებს, ჟელინსკის და ელმასს. კოფი ჯიჯიმ პირველ მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ მას ახლა რამდენიმე პრობლემა აქვს და არ ვიცი, შეუძლია თუ არა, ხვალ თამაში. კვარას წინააღმდეგ თამაშის დროს პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედოვნო, რომ მისი დღე არ იქნება.

იტალიაში არასდროს მინახავს ასეთი გუნდი, როგორიც „ნაპოლია“, ევროპაშიც კი ცოტა თუ იქნებოდა. ბევრი ვარსკვლავი არ ჰყავთ, მაგრამ შთამბეჭდავი კომპაქტურობით თამაშობენ, ყველა პოზიციაზე სახიფათოდ არიან განლაგებული, ყველაფერს ფანტასტიკურად აკეთებენ“, - თქვა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ტორინოსა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 19 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება, შესაბამისად, კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.

0.115446